შორ მანძილზე მოქმედი ბრიტანული იარაღით დაიბომბა რუსული ქარხანა, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სამხედრო კომპონენტებს აწარმოებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ თავდასხმა „წარმატებული“ იყო და რაკეტებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაარღვიეს.
კიევი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ რუსულ ობიექტებზე თავდასხმა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ გაჩაღებულ ომში მთავარ როლს ასრულებენ.
„ბრიანსკის ქიმიური ქარხანა აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთავარი ობიექტია“, - წერს უკრაინის თავდაცვის უწყება სოციალურ ქსელ „X“-ზე.
სამხედროების ცნობით, ქარხანა „დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საბრძოლო მასალებსა და რაკეტებში გამოყენებულ კომპონენტებს აწარმოებს, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს“.
ბრიანსკის ქარხანაზე თავდასხმის შესახებ კრემლს კონკრატული კომენტარი არ გაუკეთებია. ის შემოიფარგლა დასავლეთის მისამართით გაკეთებული ზოგადი გაფრთხილებით, რომ მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინას არ მიაწოდოს.
სამხედრო თვალსაზრისით კი, მოსკოვის პასუხმა არ დააყოვნა და რამდენიმე საათის შემდეგ, ის უკრაინის რამდენიმე რეგიონს დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ორი ბავშვია.
კიევსა და დნიპროპეტროვსკში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა. ზოგიერთი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი თბოელექტროსადგურებს დაესხა თავს.
ბრიტანული სარაკეტო თავდასხმის მნიშვნელობა
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთის საზღვრებს შიგნით არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები, სახელწოდებით „შტორმის ჩრდილი“.
აქამდე, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ერთადერთი დაფიქსირებული შემთხვევა ვაშინგტონის მიერ მიწოდებული „ატაკამსის“ რაკეტების გამოყენება იყო.
მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მის გამოყენებაზე ნებართვის გაცემამ მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
„შტორმის ჩრდილებით“ თავდასხმა იმავე დღეს მოხდა, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ევროპის სხვა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ სანამ ვლადიმერ პუტინი „მშვიდობისთვის მზად არ იქნება, რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლას გაზრდიან“.
წყარო: 1 არხი