ახალი წლის პერიოდში შარმ ელ-შეიხს კონკურენციას ვერც ერთი მიმართულება ვერ უწევს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, კომპანიის ტურისტულ მიმართულებებზე მოთხოვნა თითქმის არ შეცვლილა.

"ახალი წლის პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ნოემბრის ბოლოს ეგვიპტის მიმართულება სრულად შევსებული გვქონდა. ფასიდან გამომდინარე ეგვიპტე ყოველთვის კარგად იყიდება. გარდა ამისა, ყოველ კვირაშია რეისები და ესეც რა თქმა უნდა ხელს უწყობს აღნიშნული მიმართულების ინტერესს. აღნიშნულ მიმართულებაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნა შემცირდა",- აცხადებს მამუკა ჯიქია.

რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს - "ნოვა ტურის" დამფუძნებლის ცნობით, ქართველები ადრეული ჯავშნების გაკეთებისგან ყოველთვის თავს იკავებენ.

"ჩვენი მომხმარებლები არჩევენ ბოლო მომენტში დაგეგმონ მოგზაურობა. შესაბამისად, წინასწარი ჯავშნები გვაქვს, თუმცა მცირე რაოდენობით", - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მამუკა ჯიქიას ცნობით, ტურისტული სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილური გარემო და გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყანაში პროცესები მალე დასტაბილურდება.

bp.ge