ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ბანკი საგანგაშო პროგნოზს ავრცელებს. Morgan Stanley-ის შეფასებით, მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარებაზე იმაზე უფრო გაურკვეველია, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო. არაბუნებრივად მაღალი ტარიფები და სავაჭრო ომით გამოწვეული ინფლაციური რისკი აშშ-ის ფედერალურ რეზერვს რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება ან რეცესია გამოიწვიოს.
Morgan Stanley-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მაიკ უილსონის შეფასებით, კორპორაციული ამერიკა მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის, ხოლო კომპანიები შემოსავლის და წმინდა მოგების საპროგნოზო მაჩვენებლებს ერთმანეთის მიყოლებით ამცირებენ. Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, თუ წლის დასაწყისში, S&P 500-ში შემავალი კომპანიები წმინდა მოგების გაზრდას საშუალოდ 11.4%-ით პროგნოზირებდნენ, ამჟამად, პროგნოზი 6.9%-მდე შემცირდა, რაც საკმაოდ მკვეთრი და იშვიათი ვარდაა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით ანალოგიური შეფასება რამდენიმე კვირის წინ ევროპის ცენტრალური ბანკმაც გაავრცელა. ECB-ის ვიცე-პრეზიდენტის, ლუის დე გინდოსის შეფასებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მულტულატერალურ სისტემას ძირს უცხრის, რაც დიდი კულტურული და აზროვნებითი ცვლილებაა, რომელიც გაურკვევლობას წარმოშობს. შედეგად, პრეზიდენტმა გლობალურ გეოპოლიტიკაში და ეკონომიკაში იმაზე დიდი გაურკვევლობა შემოიტანა, ვიდრე პანდემიამ.
აგრეთვე არასახარბიელო ინფორმაცია ტრამპის სამშობლოდანაც ისმის, რადგან მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის შეფასებით, აშშ-ში რეცესიის დაწყების ალბათობა 60%-ია. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ზრდის შენელებაზე საუბრობენ დიდი ამერიკული კომპანიების ფინანსური დირექტორები, რომელთა 60%-ის ვარაუდით, რეცესია მიმდინარე წელს დაიწყება. ამ ყველაფრის ფონზე, ეკონომიკურ პრობლემებზე IMF-იც საუბრობს, რომელმაც, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3%-მდე შეამციროს.