„მოთხოვნა შედარებით შემცირებულია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება ფასებს, სოლომნიშვილი აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით სამშენებლო პროექტების ღირებულება გაზრდილია.
„ჩვენთან უძრავ ქონებას ძირითადად ყიდულობენ ადგილობრივები, რომლებიც არიან წასულები საზღვარგარეთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩვენთან. კერძოდ, ჩვენთან ბინებს ყიდულობენ ქართველები და მცირე პროცენტია უკრაინელი და რუსი მყიდველი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და ცხოვრობენ.
ფასი არის გაზრდილი და როდესაც ძვირდება ღირებულება, რაღაც პერიოდის განმავლობაში, რეალიზაცია იკლებს მანამ, სანამ ახალი ფასთან არ მოხდება შეგუება. თუ ეს შეგუების პროცესი კარგად წარიმართა, უნდა დაიწყოს რეალიზაცია, თუ ვერ მოხდა ასე, გაყიდვების ტემპი კიდევ დაეცემა“, - ამბობს სოლომნიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსხვილ ბანკებს შეჩერებული აქვთ ახალი სამშენებლო პროექტების დაფინანსება. აღნიშნულზე საუბრობენ არა მხოლოდ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე ნაკლებად მსხვილი ბანკების წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ განაცხადა, ბოლო 2-3 თვეა ბანკში ბევრი განცხადება შევიდა, ითხოვდნენ დაფინანსებას. „ყველა ახალი პროექტის დაფინანსება საბანკო სექტორმა გააჩერა“ - ეს იყო პირველი წინადადება, რასაც მშენებელი მეუბნებოდა“, - აცხადებდა მატუა გადაცემაში.
კითხვაზე, თუ რამდენად უქმნის მშენებლებს პრობლემას საფინანსო სექტორის მხრიდან ახალი პროექტების დაფინანსებაზე უარი, „ბაუ სტარის“ დირექტორი პასუხობს: „ვინც კრედიტზე მუშაობს, მათთვის პრობლემურია ეს საკითხი. ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი [რა ფინანსებით განახორციელებენ კომპანიები ახალი პროექტებს], მშენებელმა უნდა გადაწყვიტოს რას იზამს - ან მოიცდის ახალი პროექტის დაწყებას, ან უნდა გამონახოს დაკრედიტების წყარო, ან უნდა გააიაფოს პროდუქტი, რომ გაიყიდოს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სოლომნიშვილმა.