91 წლის ასაკში მოქანდაკე და მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. რუსული სამთავრობო მედია „ტასს”-ის ცნობით, ხელოვანს თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მათივე ცნობით, მოქანდაკის პანაშვიდი ოთხშაბათს, 23 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართება, შემდეგ კი თბილისში.

რა ქონებას ფლობდა ზურაბ წერეთელი? რუსული მედია ამ საკითხზე ინფორმაციას 2021 წლის დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, წერეთელი რამდენიმე მიწის ნაკვეთს, სახლს და ბინას ფლობდა, რომელთა საერთო ფართი 57 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს. თუმცა უცნობია ქონების ღირებულება. გარდა ამისა, წერეთლის საკუთრება იყო ხუთი მერსედესი, ერთი ბენტლი, ორი როლს-როისი და ხუთი ათასზე მეტი ხელოვნების ნიმუში. ხელოვანს ეკუთვნოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2012 წელს გახსნილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მთლიანი ფართობი 3 000 მ²-ია და იქ დაცულია ზურაბ წერეთლის 300-მდე ნამუშევარი.

უცნობია იმ ქონების ჩამონათვალი და ღირებულება, რაც 2021 წლის დეკლარაციაში არ მოხვდა. ზურაბ წერეთელი 2010 წელს რუს მილიარდერთა სიაში მოხვდა. მაშინ მისი ქონება ორ მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა, ქართული წარმოშობის ხელოვანმა მედიაში გავრცელებული ეს ცნობა უარყო და გამოცემას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

 

წერეთელს მრავალი ცნობილი ქანდაკება ეკუთვნის, მათ შორის, 2006 წლის 23 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება, იგივე თავისუფლების მონუმენტი. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის ვლადიმირ პუტინის ქანდაკებაც სახელწოდებით: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”. ქართველმა მხატვარმა საქართველო ოჯახთან ერთად 1989 წელს დატოვა და დროებით რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. 1992-1995 წლებში ზურაბ წერეთელი საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის პარლამენტში პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „მშვიდობა“ მოხვდა. 1997 წლიდან ის ისევ რუსეთში დაბრუნდა, სადაც გარდაცვალებამდე რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.