შემოდგომაზე ვილნიუსის უჟუპისის რაიონში ავტონომიური უპილოტო ავტობუსი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ვილნიუსის მუნიციპალური კომპანიის Susisiekimo Paslaugos-ის წარმომადგენელმა, სოლვეიგა სტანკევიჩიენემ აღნიშნა, რომ კომპანიამ აიღო ვალდებულება შეამოწმოს რეგულარული მარშრუტი უპილოტო ავტობუსით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი.

„მძღოლების ნაკლებობა გვაიძულებს გადავხედოთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა ფორმებს,” - განაცხადა წარმომადგენელმა, სოლვეიგა სტანკევიჩიენემ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ავტობუსი, რომელიც 6-8 ადგილიანი იქნება და 12 მგზავრის გადაყვანას შეძლებს, შემოდგომაზე 2 თვის განმავლობაში იმოძრავებს უჟუპისის ქუჩებში.

ავტონომიური ავტობუსის ტესტირება სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

მუნიციპალიტეტმა 80 ათასი ევრო გამოყო უპილოტო მანქანის დასაქირავებლად და დროებითი ავტობუსების გაჩერებების დასაყენებლად.

სტანკევიჩიენეს თქმით, საპილოტე პროექტი აჩვენებს, შეიძლება თუ არა ასეთი ავტობუსები სამომავლოდ დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას.

„ამ პროექტით ჩვენ გვინდა შევამოწმოთ როგორც ვილნიუსის ინფრასტრუქტურა, ასევე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რათა გავიგოთ, უნდა ჩავდოთ თუ არა ინვესტიცია ამ ტიპის მანქანაში“, - განმარტა მან.

ავტონომიური ავტობუსები რეგულარულად ფუნქციონირებს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, ასევე ტამპერეს უნივერსიტეტის კამპუსში, ნორვეგიის სტავანგერში და გერმანიის რამდენიმე ქალაქში.