ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს, – „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასული წლის დეკემბერში მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას განუცხადა.
„სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, დისკუსიებში აშშ ნაკლებად იყო ორიენტირებული იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ისრაელს მოქმედება, ვიდრე იმაზე, როგორ შეუძლია ვაშინგტონს ირანზე თავდასხმებში ისრაელის დახმარება.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ვარიანტებს შორისაა ისრაელის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მიღების დელიკატური საკითხი.
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ შეერთებულ შტატებს პოტენციური დარტყმისთვის ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების ნებართვას. მათივე ცნობით, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ირანზე ან ირანის მიერ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას არ დაუშვებენ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, მეორე ამერიკული ავიამზიდი, „ჯერალდ რ. ფორდი“ და მისი სამხედრო ხომალდების ფლოტილია კარიბის ზღვის აუზიდან გადაინაცვლებდა და ახლო აღმოსავლეთში განლაგდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, ჟენევაში გაიმართება. თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით დიპლომატიისადმი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ თეირანთან ნებისმიერი შეთანხმება ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვებს უნდა მოიცავდეს.