ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირისგან, ამა თუ იმ გზით, 90 მილიარდ ევროს მიიღებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერშია მიღებული.
„არსებობდა ერთი პირობა, რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი თავის სიტყვას არ ასრულებს. თუმცა მინდა, გავიმეორო ის, რაც კიევში უკვე ვთქვი: ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე რჩება. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ქარტიის პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის უფლებაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შევასუსტოთ მათი საომარი ეკონომიკა და მივიყვანოთ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ უკვე მოქმედი სანქციების ნაწილობრივ მოხსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოშტამ.
1tv.ge