უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა უარყო ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მოთხოვნა და მაისის ბოლომდე გადადგომის არ აპირებს, – ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

ტამაშ შუიოკმა აღნიშნა, რომ უნგრეთის მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში საკუთარი მანდატის შესრულებას ბოლომდე აპირებს.

„არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან კონსტიტუციური საფუძველი, რომელიც ჩემს გადადგომას გაამართლებდა. მე დავდე ფიცი ძირითადი კანონისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ერთგულებაზე და ეს ფიცი მაკისრებს ვალდებულებას როგორც მოქმედი უმრავლესობის, ისე უმცირესობისა და მთელი ერის წინაშე“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 13 მაისს პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობა შუიოკს მაისის ბოლომდე აძლევს დროს, რათა თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადაყენება საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოხდება. 18 მაისს მადიარმა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

მადიარი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა, რომ მოითხოვდა პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომას, რომელიც ამ თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის პარტიის დეპუტატებმა აირჩიეს.

1tv.ge