უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დატოვების გადაწყვეტილებას აუქმებს.
უნგრული მედიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 175 დეპუტატი მონაწილეობდა. წინადადებას მხარი პეტერ მადიარის პარტია „ტისას“ 133-მა დეპუტატმა დაუჭირა, პარტია „ფიდესის“ 37-მა წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ხუთმა წევრმა კი, თავი შეიკავა.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება კანონის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შევა ძალაში.
გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პარლამენტს სამშაბათს წარუდგინა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ უნგრეთი ICC-ის ნაწილი იყოს.
„საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად აბსოლუტურად აუცილებელია, ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირების საერთაშორისო სასამართლო ფორუმზე პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა მადიარმა.
ცნობისთვის, 2025 წლის გაზაფხულზე ვიქტორ ორბანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბუდაპეშტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების პროცედურას დაიწყებდა. ორბანი აცხადებდა, რომ სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკური სასამართლოა. რეგულაციების თანახმად, უნგრეთის ICC-დან გასვლის პროცედურა 2026 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.