ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ! - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.