საქართველოდან საექსპედიციო, ჯგუფურ ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია „თრეველერის“ დამფუძნებელმა, შალვა ბოლოთაშვილმა განუცხადა, ასეთი ტურების ხანგრძლივობა 20-დან 25 დღემდე მერყეობს. ყველაზე ბიუჯეტური საექსპედიციო ტურის ღირებულება კი 2500 დოლარიდან იწყება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ცენტრალური ევროპა უკვე შიდა ტურივით იქცა, ამიტომ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა სხვა კონტინენტების მიმართ, როგორებიცაა - აფრიკა, აზია და სამხრეთ ამერიკა. სეზონების მიხედვით, ტურისტულ მიმართულებებზე მოთხოვნა განსხვავებულია. მაგალითისთვის, ზაფხულში ყველაზე მოთხოვნადი კენია - ტანზანია - ზანზიბარის ჯგუფური ტურებია. შემოდგომიდან მომართვიანობა უკვე აქტიურდება ბალიზე, ასევე ვიეტნამი - ტაილანდის ტურებზე. აღნიშნული ტურისტული მიმართულებები აქტუალური რჩება ზამთარშიც. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიის ჯგუფური ტურები, განსაკუთრებით კი რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის დროს“, - განმარტა შალვა ბოლოთაშვილმა.

„თრეველერის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, საექსპედიციო ტურების კუთხით, ასევე მაღალი მოთხოვნა არსებობს ისეთ ძვირად ღირებულ მიმართულებაზე, როგორიც ჩრდილოეთ ევროპაა, კერძოდ - სკანდინავიის ქვეყნები.

წყარო: bp.ge