2025 წელს საქართველოში ჯინის კოეფიციენტი შემცირდა და მან მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.34 ქულა (კლება 0.01 ქულა), ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით ასევე 0.34 ქულა შეადგინა (კლება 0.02 ქულა).

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბოლო 10-წლიან ჭრილში ჯინის კოეფიციენტის კლებამ შემოსავლებისთვის 0.06 ქულა შეადგინა, ხარჯებისთვის კი 0.04 ქულა შეადგინა.

ჯინის კოეფიციენტი მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელია და როგორც შემოსავლების, ისე დანახარჯების შესწავლით ითვლება. კოეფიციენტი 0-დან 1-ის ჩათვლით მნიშვნელობას იღებს. რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა. კოეფიციენტის ცვლილებაზე გავლენას ახდენს როგორც შემოსავლების/ხარჯების ზედა საფეხურის შინამეურნეობები, ასევე ქვედა საფეხურის მქონე შინამეურნეობები. მაგალითად, თუკი ქვედა საფეხურის მომხმარებელთა ხარჯები დაუახლოვდა მედიანურ მაჩვენებლებს, რაც შინაარსობრივად ამ ჯგუფების გამდიდრებას გულისხმობს, ჯინის ინდექსი შემცირდება. ანალოგიურად, თუკი ზედა შემოსავლების და ხარჯების მქონე ჯგუფის შემოსავლები შემცირდება და დაუახლოვდება მედიანური შემოსავლების მქონე ოჯახების შემოსავლებსა და ხარჯებს, ესეც ჯინის ინდექსზე დადებითად აისახება. შესაბამისად, ინდექსში წინსვლა უკავშირდება ზედა და ქვედა შემოსავლების მქონე ჯგუფების მედიანური მაჩვენებლისკენ გადანაცვლებას.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ჯინის ინდექსი ასე ნაწილდება:

  • აზერბაიჯანი - 0.26 ქულა;
  • სომხეთი - 0.27 ქულა;
  • რუსეთი - 0.33 ქულა;
  • თურქეთი - 0.43 ქულა.