ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეიოფის მატჩებამდე ბერძნულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მისი შეძენით „პანათინაიკოსი“ დაინტერესდა – ამ სათაურით სტატიას ფრანგული გამოცემა Foot01 აქვეყნებს.
„ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ზურიკო დავითაშვილი მზადაა, მომავალ წელს უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს. ქართველი შემტევი ნახევარმცველით „პანათინაიკოსი“ დაინტერესდა.
„სენტ-ეტიენი“ 26 მაისს პლეიოფის პირველ მატჩში „ნიცას“ დაუპირისპირდება. „მწვანეების“ მომავალი დიდწილად დავითაშვილის თამაშზე იქნება დამოკიდებული. 25 წლის ქართველი „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა – მან ლიგა 2-ის 2025-26 წლების რეგულარული სეზონი 14 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა.
ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა, მათ შორის ასახელებენ „ლილს“, „მონაკოს“ „ბენფიკას“, „ოლიმპიაკოსსა“ და „ევერტონს“, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ვარიანტი „პანათინაიკოსია“.
გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი თანახმაა, „პანათინაიკოსში“ გადავიდეს. ახლა ბერძნული კლუბის საზრუნავი „სენტ-ეტიენის“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რაც ადვილი არ იქნება, რადგან „სენტ-ეტიენი“, მინიმუმ, 15 მილიონ ევროს ითხოვს. გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ბერძნული კლუბი ამ თანხის გადახდას.
მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილმა გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, „სენტ-ეტიენი“ მის შესანარჩუნებლად ყველა ბერკეტს ფლობს“, – წერს ფრანგული გამოცემა.