თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტი წელს ₾500 000-დან იწყება, ხოლო წარმატებული ბიზნესიდეების შემთხვევაში დაფინანსებული პროექტების რაოდენობამ შესაძლოა 40-ს გადააჭარბოს.
როგორც ვახტანგ ლომჯარიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, პროგრამის მთავარი მიზანი ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
მისივე განმარტებით, გასული წლის მონაცემებით, დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი წილი ტანსაცმლის წარმოებაზე მოდის, რასაც მცირედით ავეჯის წარმოება ჩამოუვარდება, ხოლო აღნიშნულ მიმართულებებს იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობაც აქვს.
"ადგილობრივი ბიზნესები ძლიერები უნდა იყვნენ, როგორც წარმოებული პროდუქციის ნაწილში, ასევე ხარისხში - მათი წარმოება იმპორტულ პროდუქციას არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. პრიორიტეტების მიმართულებით, რაც პრაქტიკამ გვიჩვენა ჩვენგან დაფინანსებული ბიზნესებიდან, დაახლოებით 20%-ზე მეტი ტანსაცმლის წარმოება იყო, ამას მცირედით ავეჯის წარმოება ჩამოუვარდება. გარდა ამისა, კერამიკული წარმოება, ხელნაკეთი ნივთები და კვების გარკვეული დარგები დავაფინანსეთ", - აღნიშნავს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი.
ვახტანგ ლომჯარია გასული წლის შედეგებზე საუბრისას აცხადებს, რომ გასულ წელს პროგრამის ფარგლებში, 25 ბიზნესის ნაცვლად ჯამში 43 ბიზნეს იდეა დაფინანსდა.
"მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თავიდან გათვლილი 25 ბიზნესის დაფინანსება იყო და ₾300 000-მდე გამოვყავით, კარგი აპლიკაციები, ბიზნესები დავინახეთ, რომლებიც ჩვენს დახმარებას ითხოვდნენ, ამიტომ ბიუჯეტში დამატებით სახსრების მოძიება გადავწყვიტეთ. შედეგად, ₾300 000-დან დაფინანსება დაახლოებით ₾520 000-მდე გავზარდეთ და 25 ბიზნესის ნაცვლად ჯამში 43 ბიზნესი დავაფინანსეთ", - აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი თანადაფინანსების მოდელზე საუბრობს და განმარტავს, რომ მცირე ღირებულების ინვესტიციების შემთხვევაში მერიის დაფინანსების წილი შედარებით ნაკლებია, ხოლო მაღალი ღირებულების პროექტებში კი პირიქით - მეტი.
"₾5 000-მდე პროექტის/შესყიდვის ღირებულების შემთხვევაში 30%-ს ვაფინანსებთ. მაგალითად, ₾30 001-დან ჩვენი წილი 70%-ს შეადგენს, მაგრამ დაფინანსება ₾50 000-ს არ აღემატება. ამასთან, შემდეგ აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ, ადგილზე გვაქვს ვიზიტები და ა.შ. ზოგადად, არ გვინდა, რომ ერთჯერადი დახმარება გვქონდეს. ვეცდებით, საზოგადოებას კარგი ბიზნესები გავაცნოთ", - აღნიშნავს თბილისის მერიის წარმომადგენელი.