მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი საქართველოში ტრადიციულად ერთი და იმავე სურათით ასოცირდება: თეთრი პერანგები, ემოციური წარწერები, აცრემლებული თვალები და... მშობლების თავბრუდამხვევი ხარჯები. თუმცა, წელს სკოლის გამოსაშვები ციებ-ცხელება სრულიად ახალ, შოკისმომგვრელ ნიშნულზე გავიდა.
სოციალურ ქსელებსა და კულუარებში მშობლების საუბრებს თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ბანკეტი უკვე დიდი ხანია გასცდა უბრალო საღამოს ფარგლებს და გადაიქცა ერთგვარ სოციალურ გამოცდად, სადაც ოჯახები ერთმანეთს ფუფუნებითა და ამბიციებით ეჯიბრებიან.
"ჩემმა ახლობელმა მითხრა, მშობლების საუბარს მოვკარი ყური და ერთს უთქვამს, 10 000 ლარი დამიჯდაო! კარგით, რა ხალხო, რა 10 ათასი? - ჯერ ხუთიც კატასტროფაა და 10?! ღმერთო, როდის უნდა შეიგნონ მშობლებმა, რომ ეს თანხა შვილებს მოახმარონ და არა "პაკაზუხობას“? წლობით უნდა იხადონ ბანკის ვალი და ისევ მათ შვილებს მოაკლდებათ, მით უფრო ახლა, როცა ყველა აბარებს და ყველა სტუდენტია...“ - წერს ერთ-ერთი აღშფოთებული მშობელი სოციალურ ქსელში.
ციფრები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეძლებული თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ასახელებენ, მართლაც კოსმოსურია. რეალობა რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
1. "ბიუჯეტური“ ვარიანტი: 1 500 – 3 000 ლარი
რეგიონებში ან შედარებით მოკრძალებულ სკოლებში ხარჯები 2 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ესეც სერიოზული დარტყმაა ოჯახის ბიუჯეტისთვის.
რეგიონის მაცხოვრებელი, ბიჭის დედა: "ბოლო ზარით და ბანკეტით 3 000 ლარი დამიჯდა, წვრილი ხარჯები არ დამითვლია. ტანსაცმელი ცალკე ბანკეტისთვის არ გვიყიდია. იმდენად შევეცოდე ჩემს შვილს ხარჯები რომ ნახა, მითხრა: დედა, არ გინდა, რაც მაქვს, იმას ჩავიცვამო. ეგ მშობლების შეჯიბრება უფროა, ვისი შვილი უფრო მდიდრად წარმოაჩენს ოჯახს.“
ადგილობრივი რესტორნის ხარჯი: რეგიონებში მხოლოდ რესტორანი, დარბაზი, კვება და ვიდეოგადაღება (კაბისა და სალონის გარეშე) საშუალოდ 1 200 ლარი ჯდება.
2. "საშუალო თბილისური“ და ქალაქგარეთ გასვლები: 4 000 – 6 000 ლარია ამაში შედის დიზაინერული კაბები, ქალაქგარეთ სასტუმროების დაჯავშნა და ორდღიანი "ტურნეები“.
გოგონას დედა: "6 ათასი ლარი დამიჯდა. ამაში შედის კაბა და ორი დღე სასტუმრო ქალაქგარეთ. მარტო ვერ ვუშვებ და მეც მივყვები დარჩენით. ზოგიერთმა მშობელმა იმის გამო, რომ ხარჯი შეემცირებინა, სასტუმროზე უარი თქვა, ზოგი კი ბანკეტზეც ვერ მოდის".
"მარტო რესტორანი დაგვიჯდა 1 400 ლარი, თბილისის შემოგარენში ვაკეთებთ. ბავშვის ჩაცმა 2 000 ლარამდე, ჩემი ჩაცმა პლუს... ორ დღეზე მივდივართ და მშობლებიც მივყვებით".
3. ბანკეტის ნაცვლად, ევროპა - 1 000$ -დან
ბოლო დროს პოპულარული გახდა ბანკეტის ალტერნატივა - მოგზაურობა, თუმცა ესეც ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია. კერძო სკოლების უმეტესობამ რესტორნებსა და კაბებზე უარი თქვა და არჩევანი საზღვარგარეთზე შეაჩერა.
თურქეთი/ანტალია: "დედა-შვილს 4 000 ლარი გვიჯდება - ფრენა, სასტუმრო, ყველაფერი შედის, 3 ღამე. ცალკე ბანკეტს აღარ ვიხდით".
ზოგიერთ შემთხვევაში კი ფასი კაცზე 650 ევროდან იწყება (4 ღამე, 5 დღე).
კვიპროსი: "ჩვენი კლასის ბავშვებმა გადაწყვიტეს, ბანკეტს არ იხდიან და მიდიან კვიპროსზე. 1 000 დოლარი ჯდება ერთი ადამიანი.“
ვრცლად: www.ambebi.ge