უკრაინელების 60 პროცენტი მზად არის, ომის ტვირთი იმდენ ხანს ზიდოს, რამდენიც საჭიროა, ხოლო კიდევ 6 პროცენტი ამბობს, რომ კიდევ 1 წელი გაძლება შეუძლია.

ასეთია კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) მიერ 2025 წლის 15 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 2024 წლის მაისამდე, მოქალაქეების საერთო განწყობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინელების დაახლოებით 71-73% თანმიმდევრულად აცხადებდა, რომ ისინი მზად იყვნენ, იმდენ ხანს გაეძლოთ, რამდენიც საჭირო იყო (კიდევ 2-5% ამბობდა, რომ შეეძლო, კიდევ 1 წელი გაეძლო). ამავდროულად, 12-21% სიმტკიცის უფრო ნაკლებ რესურსს (რამდენიმე თვიდან ექვს თვემდე) ასახელებდა.

„2024 წლის მაისიდან ოქტომბრამდე, ჩვენ პირველად დავაფიქსირეთ იმ ადამიანების წილის 63%-მდე შემცირება, რომლებიც მზად არიან გაუძლონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ამ მაჩვენებელმა კლება განაგრძო და 2025 წლის მარტში 54%-მდე ჩამოვიდა“, - ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ მომზადებულ ანგარიშში.

2025 წლის მარტიის შემდეგ (მაისამდე და ივნისის დასაწყისამდე) ომის ტვირთის ატანის მზაობის მაჩვენებელი გაიზარდა და ამჟამად უკრაინის მოსახლეობის 60% ამბობს, რომ „მზად არის, გაუძლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“. კიდევ 6% მზადაა, 1 წლის განმავლობაში გაუძლოს.

KIIS-ის გამოკითხვების მიხედვით, რესპონდენტების 20% ამბობს, რომ გამძლეობა უფრო მოკლე ხანს (რამდენიმე თვე ან ექვსი თვე) ეყოფა. 2025 წლის მარტში ეს მონაცემი 24%-ს შეადგენდა.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან ყველა რეგიონში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც თქვეს, რომ „მზად არიან, გაუძლონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“.

ამავდროულად, ეს მაჩვენებელი, 2025 წლის მარტთან შედარებით, ყველა რეგიონში გაიზარდა. ამჟამად, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებთა განწყობა მკვეთრად განსხვავებული არ არის.

„მხოლოდ აღმოსავლეთი გამოირჩევა დანარჩენისგან, სადაც 51% მზად არის, გაუძლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. სხვა რეგიონებში ეს რაოდენობა 60-62%-ს შეადგენს. ამასთან, აღმოსავლეთშიც კი, ობიექტური გარემოებების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხნეობას ინარჩუნებს და გრძელვადიანი წინააღმდეგობისთვის მზად არის. თანაც, ეს მავენებელი აღმოსავლეთში უფრო მაღალია, ვიდრე 2025 წლის მარტში იყო“, - აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

კვლევაში სოციოლოგებმა ყურადღება ასაკის მიხედვით ომის აღქმაზეც გაამახვილეს. როგორც გაირკვა, ყველა ასაკობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტი მზად არის, გაუძლოს ომს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. 18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 58 პროცენტია, 30-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 59%, 40-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 52%, ხოლო 50-70 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 64%.

„ამრიგად, გარდა რეგიონული კონსოლიდაციისა, რაც საჭიროა იმდენ ხანს გაძლებისთვის, რამდენიც საჭიროა, ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორის წინააღმდეგ გრძელვადიანი წინააღმდეგობისთვის ყველა ასაკის უკრაინელები ასევე მზად არიან“, - ნათქვამია კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევაში.

როგორ ჩატარდა გამოკითხვა

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა, 2025 წლის 15 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ჩაატარა უკრაინული საზოგადოებრივი აზრის საყოველთაო გამოკითხვა, სახელწოდებით „ომნიბუსი“, რომელსაც საკუთარი ინიციატივითვე, დაამატა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს არიან უკრაინელები მზად, აიტანონ ომის ტვირთი.

სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, უკრაინის ყველა რეგიონში (ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), სულ 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.

გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის ზრდასრულ მოსახლეობაში (18 წელს ზემოთ), რომლებიც, გამოკითხვის დროს, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

გამოკითხულებს შორის არ იყვნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები პირები და ის მოქალაქეები, ვინც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"