ქართული „ისტებლიშმენტის“ სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ოლეგ ბარციცმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ დაუძლევია“.
„ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, „საქართველოში ზოგიერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი მათ შემადგენლობაში არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“.
მისივე თქმით, ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ.
„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.
„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.
„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ბარციცმა.