მედიის ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება მედიის კანონში ინიცირებულ მორიგ ცვლილებებს, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს.

"წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, დამატებითი უფლებები სცილდება ზოგადად უწყების მანდატს. კომისიისთვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია. აღნიშნული ცვლილებები არ ითვალისწინებს მკაფიო კრიტერიუმებსა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს. ქართული ოცნება ბოროტად იყენებს საკუთარ გავლენებს პოლიტიზებულ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის მარეგულირებელზე, მედიის საქმიანობის შესაზღუდად. კომუნიკაციების კომისია არ არის მიუკერძოებელი ინსტიტუტი, ის ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოა, ხოლო მისი თავმჯდომარე რეპრესირებული რეჟიმის მხარდაჭერის გამო არის დასანქცირებული.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მედიის სისტემური დევნა მიმდინარეობს. ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, მიღებულია ათობით ანტიდემოკრატიული კანონი, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები გამოუძიებელია, გრძელდება მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხურავს გადაცემებს და.ა.შ.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, OSCE/ODIHR-ისა, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს მარეგულირებელი მექანიზმების პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებას.

ქართული ოცნების მიერ ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა. დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" TV პირველსა და ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ კანონის" დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. "ფორმულას" განმარტებით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

შეგახსენებთ, 1 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი არცერთი.