ამ ზაფხულს კაუნასის სტადიონზე ოთხი კონცერტის ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობენ, ლიეტუვის ბიუჯეტში შვიდ მილიონ ევროზე მეტს შეიტანს. როგორი იქნება ეს ზაფხული მეზობელ ლატვიაში, ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზების კუთხით, და რატომ ტარდება ნაკლებად აქ დიდი კონცერტები? 2 ივნისს ეს კითხვები „ლატვიის რადიომ“ წამოჭრა.

ბალტიისპირეთის უდიდესი მუსიკალური ფესტივალი „პოზიტივუსი“ რიგის „ლუცავსალაში“, აგვისტოს დასაწყისში, მეჩვიდმეტედ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი, გირსტ მეიჯორსი ამბობს, რომ დიდი მუსიკალური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იქ, სადაც ბევრი ხალხია. ფესტივალამდე ორი თვით ადრე, ბილეთები უკვე გაყიდვაშია. წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ვიზიტორების დაახლოებით მეოთხედი საზღვარგარეთიდან, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის.

„ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებია. ძალიან პოზიტიული განცდა გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ბილეთების ფასები არ მოიმატებს და უბრალო ხალხისთვის ეს კონცერტი ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენთვის ეს წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. წელს, ივლისში, „არენაზე“ კიდევ ორი საზაფხულო კონცერტი ჩატარდება, რომელშიც ჯეიკობ კოლერი და „ქვინს ოფ სტოუნ ეიჯი“ მიიღებენ მონაწილეობას. ღია ცის ქვეშ კონცერტები რიგაში ყოველწლიურად არ იმართება. ამიტომ, რობი უილიმასის გამოსვლა ნამდვილი ზეიმი იქნება“, - აღნიშნა მეიჯორსი.

როდესაც ჰკითხეს, რატომ არიან მეზობელი ლიეტუველები უფრო აქტიურები კონცერტების ორგანიზებაში, მეიჯორსმა ამის მთავარ მიზეზად ლატვიაში სტადიონების ნაკლებობა დაასახელა: „სტადიონი იგივე არ არის, რაც დიდი პარკი; სტადიონს აქვს დასაჯდომი ადგილები, რაც საშუალო ბილეთის ფასს ბევრად ზრდის. კონცერტები ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ სტადიონებზე ტარდება. მათი კონცერტების დიდი ნაწილი სპეციალურად სტადიონებისთვის იგეგმება. უცხოელი ვარსკვლავები დღეს სულ უფრო იშვიათად ატარებენ კონცერტებს სხვა ადგილებში“.

„კონცერტები, სულ უფრო ხშირად, ძალიან დიდ ქალაქებში იმართება, რაც, ბუნებრივია, მცირე ბაზრებს ძალიან მცირე შანსს უტოვებს, რომ დიდი არტისტები მოიზიდონ. სანამ არ გვექნება ისეთი დიდი სტადიონი, როგორიც მეზობელ ლიეტუვას აქვს, ჩვენთან გრანდიოზული კონცერტები ვერ გაიმართება. მათი ბაზარი თითქმის ორჯერ დიდია, ვიდრე ლატვიის“.

ტურისტული პორტალის, BalticTravelnews.com-ის დირექტორი, აივარ მაცკევიჩი ამბობს, რომ ლიეტუვისგან განსხვავებით, სადაც დიდი კონცერტები როგორც კაუნასში, ასევე ვილნიუსში ტარდება, ლატვიაში ასეთი ღონისძიებების მთავარი ადგილი მხოლოდ დედაქალაქი რიგაა.

„ლატვიაში ყველა ორიენტირებულია რიგაზე, რის გამოც ეს ქალაქი სულ უფრო ძვირი ხდება. რაც უფრო სახელგანთქმულია გამომსვლელი, მით უფრო დიდი მოგება და სარგებელი რჩება მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, უკეთესია, როცა ასეთი ღონისძიებები სეზონებს შორის ტარდება, რადგან ტურისტული სეზონის დროს ჩვენ ისედაც ბევრი ტურისტი გვყავს. ამ მხრივ, ძალიან კარგია ის, რომ სპორტული გუნდები, პირიქით, უფრო ზამთარში, შემოდგომასა და გაზაფხულზე აქტიურობენ“, - განაცხადა მაცკევიჩმა.

„ლატვიის რადიო 5“-ის წამყვანი და მუსიკალური ჟურნალისტი, ტომს გრევინში მსმენელებს შეახსენებს, რომ პოპულარული მუსიკალური ფესტივალი „Summer Sound“ ლიეპაიაში აგვისტოს დასაწყისში უკვე მეცამეტედ გაიმართება და ამ ზაფხულს ლატვიელებისთვის შემოთავაზებულ მუსიკაზე პრეტენზიის და უკმაყოფილების საფუძველი არ უნდა არსებობდეს.

„ლატვია უმასპინძლებს ნიკ ქეივის ორ სოლო კონცერტს სიგულდაში, რომლებზეც ბილეთები რამდენიმე თვის წინ გაიყიდა, ხოლო კამასი ვაშინგტონი, თანამედროვე ამერიკული ჯაზის ყველაზე ცნობილი საქსოფონისტი, მხოლოდ აქ დაუკრავს და არსად სხვაგან ბალტიისპირეთში. იგივე ეხება გრეგორი პორტერს - ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტს. გარდა ამისა, ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები საშუალებას გვაძლევს, რიგიდან ევროპის ნებისმიერ მუსიკალურ ფესტივალზე მოვხვდეთ. საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გთავაზობენ, რასაც თქვენი გული მოისურვებს და ბილეთებზეც აღარ არის გიჟური ფასები“.

„ვვარაუდობ, რომ უდიდეს პოლონურ ფესტივალ „ოპენერს“ რამდენიმე ათასი ჩვენი თანამემამულე დაესწრება. AC/DC-ის ყველა ფანმაც, ალბათ, უკვე შეიძინა ბილეთი კაუნასში და ეს შესანიშნავია - მუდმივად ერთ ქალაქში ჯდომას აზრი არ აქვს, უნდა გახვიდეთ და გაისეირნოთ, ბოლოს და ბოლოს, მშვენიერი ზაფხულია!“, - დასძინა გრევინშმა.

დიდი კონცერტები სტუმულს აძლევენ ადგილობრივ ეკონომიკას, მაგრამ ვიზიტორების უეცარმა შემოდინებამ შეიძლება სასტუმროს ფასების და ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა გამოიწვიოს. თუმცა, ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აუმჯობესებს ქალაქის იმიჯს, ზრდის მის საერთაშორისო აღიარებას და ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას.

1tv.ge