ფოლადსა და ალუმინზე დონალდ ტრამპის მიერ 25-დან 50 პროცენტამდე გაზრდილი ტარიფები 4 ივნისიდან ძალაშია.

ამ ნაბიჯს ფოლადის ამერიკელი მწარმოებლები მიესალმებიან, მაგრამ აღშფოთებას იწვევს შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორებში, მათ შორის მექსიკასა და კანადაში, რომლებსაც უფრო მეტი ფოლადი შემოაქვთ აშშ-დან, ვიდრე გააქვთ.

„ჩვენ 25-დან 50 პროცენტამდე ვზრდით ტარიფებს ფოლადზე, რაც ქვეყნის ინდუსტრიას კიდევ უფრო დაცულს გახდის“, - განაცხადა ტრამპმა პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი) 31 მაისს გამართულ აქციაზე, სადაც მან იაპონურ კომპანია Nippon Steel-სა და აშშ-ს U.S. Steel-ს შორის გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებაზე ისაუბრა.

ფასების ინდექსის მიხედვით, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების კანდიდატი აშშ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ფოლადის იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი დაახლოებით 16 პროცენტით გაიზარდა. ტრამპის თქმით, უცხოურ ფოლადსა და ალუმინის იმპორტზე ფასების ასეთი ზრდა აშშ-ის ინდუსტრიის აღორძინებას ისახავს მიზნად.

ლითონებზე ტარიფების გაზრდის შესახებ ტრამპის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საერთაშორისო სავაჭრო ტრიბუნალის (TCE) მიერ დაწესებული ბლოკადა, რომელიც ზღუდავდა თეთრი სახლის სატარიფო პოლიტიკას ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტის ნაწილში. ეს ბლოკადა ფოლადზე დაწესებულ ტარიფებს არ შეხებია, განსხვავებით 2 აპრილს გამოცხადებული ტარიფებისაგან, რომელიც აშშ-ს პრაქტიკულად ყველა სავაჭრო პარტნიორისთვის გლობალური 10-პროცენტიანი სატარიფო განაკვეთის დაწესებას გულისხმობს.

„აზრს მოკლებული“

სამშაბათს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ფულადსა და ალუმინზე ტარიფების ზრდას აკანონებს. დოკუმენტის თანახმად, „შესაძლებელი გახდება, უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ უცხო ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ აშშ-ს ბაზარზე ჭარბი და იაფი ფოლადისა და ალუმინის გაყიდვას, რითაც აშშ-ს ფოლადისა და ალუმინის მრეწველობის კონკურენტუნარიანობას უთხრიან ძირს“.

საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ოფისმა განაცხადა, რომ კანადა „ინტენსიურ და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ და სხვა ტარიფების მოსახსნელად“, ხოლო მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტარიფები არასტაბილური და უსამართლოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას უფრო მეტ ფოლადს შემოაქვს აშშ-დან, ვიდრე გააქვს.

„შეერთებული შტატებისთვის აზრს მოკლებულია იმ პროდუქტზე ტარიფის დაწესება, რომელიც ამ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით არის“, - განაცხადა მარსელო ებრარდმა და დასძინა, რომ მექსიკა შეეცდება იმ გამონაკლისი ქვეყნების რიცხვში შევიდეს, რომლებსაც ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების ზრდა არ შეეხებათ.

„კონტრზომები“

ამჟამად მოქმედი ზომები გულისხმობს 25-პროცენტიან ტარიფებს ფოლადზე, ალუმინსა და მათ ნაწარმზე, ასევე 25-პროცენტიან ტარიფებს იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე (ათი პროცენტის ოდენობის საბაზისო ტარიფთან ერთად), რომელიც ყველა სავაჭრო პარტნიორზე ვრცელდება. აშშ-ში მოხმარებული ფოლადის დაახლოებით მეოთხედი იმპორტირებულია და ამდენად, მოსალოდნელია, რომ ტარიფების ზრდა განსაკუთრებით იმოქმედებს უახლოეს სავაჭრო პარტნიორებზე, კერძოდ, კანადასა და მექსიკაზე, რომლებსაც ყველაზე მეტი ფოლადი შეაქვთ აშშ-ში.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების შემოღების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფორმა სავაჭრო შეთანხმებები გაერთიანებულ სამეფოსთან და ჩინეთთან, ტარიფების შესამცირებლად და ამ ქვეყნების ბაზრებზე წვდომის გასაზრდელად. თავის მხრივ, ევროკავშირმა ახალი ტარიფების გამო „ღრმა სინანული გამოთქვა“ და აღნიშნა, რომ ის „ძირს უთხრის მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართულ ამჟამინდელ ძალისხმევას“.

„თუ ურთიერთმისაღები გამოსავალი ვერ მოიძებნება, 14 ივლისს ევროპული კონტრზომები ავტომატურად შევა ძალაში“, - ციტირებს სააგენტო „ფრანს პრესი“ ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ბლოკი საპასუხო ზომებისთვის „მზად არის“.

1tv.ge