უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპის ქალაქებში მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სხვადასხვა მაჩვენებელია.

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები ხუთიდან ოთხი ევროპელი ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

თუმცა 2024 წლის ევროპის მობილობის გამოფენაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 40 პროცენტისთვისაა გადაადგილების ძირითადი საშუალება.

გამოკითხვაში, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, 2500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა პარიზიდან, ბერლინიდან, მადრიდიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავიდან.

პარიზი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეს მაჩვენებელი შეადგენს ქალაქის მოსახლეობის 86%-ს. ისინი ყველაზე ხშირად დადიან მეტროთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო მიწისქვეშა ქსელია.

ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ ვარშავისა და მადრიდის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი საკუთარ მანქანებს იყენებს.

ერთი ფაქტორი, რომლის გამოც მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემაა. ვარშავაში მოსახლეობის მხოლოდ 44 პროცენტი ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე ხუთ წუთზე ნაკლებ სავალ მანძილზე.

საფრანგეთის საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელმა და Keolis Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი-ანჟ დებონმა Euronews Next-თან საუბრისას განაცხადა, რომ კვლევის შედეგები შეესაბამება იმას, რასაც ისინი ადგილზე ხედავენ.

„როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ, მძღოლები ტოვებენ თავიანთ მანქანებს და  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ“, – აღნიშნა დებონმა.

ეს ნიშნავს, რომ ისინი დადიან  იმ ტრანსპორტით, რომელსაც იქვე, 15 წუთზე ნაკლებ სავალ მანძილზე, მიჰყავს  უსაფრთხოდ და საიმედოდ.

კვლევის ერთ-ერთი დასკვნა შეიძლება ალოგიკურადაც მოგეჩვენოთ: მანქანებს ყველაზე ხშირად მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ირჩევენ.

ამ ქალაქებში გამოკითხულ რესპონდენტთა 36 პროცენტი იყენებს მანქანებს 15 წუთზე ნაკლებ სავალ მანძილზე.

სათბური აირების ემისიების 30 პროცენტს ტრანსპორტი შეადგენს. ამ 30 პროცენტიდან მხოლოდ 1 პროცენტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ემისიები“, – განაცხადა დებონმა.

ექსპერტები აცნობიერებენ, რომ მანქანები, სავარაუდოდ, აქტუალური იქნება  სოფლებსა და გარეუბნებში, თუმცა აქაც არსებობს მეთოდები მათი გამოყენების შესამცირებლად.

დებონმა მაგალითისთვის მოთხოვნით დანიშნული ტრანსპორტის, მანქანით ერთობლივად მგზავრობისა და ელექტროავტობუსების სისტემა მოიყვანა.

მისი თქმით, აუცილებელია ხელმისაწვდომი მოგზაურობის ვარიანტების გაერთიანება.

„ვერ განავითარებ ტერიტორიას, თუ მას სატრანსპორტო საშუალებებით არ შეავსებ“, – დაასკვნა მან.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია