რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ესქიშეჰირის (თურქეთი) პროვინციაში „იშვიათმიწა ლითონების მსოფლიოში სიდიდით მეორე საბადოს“ აღმოჩენის შესახებ განაცხადა, სადაც დაახლოებით 694 მილიონი ტონა მინერალის მარაგია.

ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესქიშეჰირის პროვინციის ბეილიკოვას რეგიონში ჩატარებული ფართომასშტაბიანი საძიებო სამუშაოების დროს, დაახლოებით 12.5 მილიონი ტონა იშვიათმიწა ოქსიდის, ასევე ბარიტისა და ფლუორიტის მნიშვნელოვანი საბადოების არსებობა დადასტურდა.

მისი თქმით, „თურქეთი მსოფლიოში იშვიათმიწა ლითონების ტოპ-5 მწარმოებელთა შორის უნდა იყოს“. 17 ცნობილი იშვიათმიწა ელემენტიდან რეგიონში ნაპოვნია 10, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენენ თავდაცვის მრეწველობის, განახლებადი ენერგიის სისტემების, ელექტრომობილების, კომუნიკაციებისა და კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის.

„ეს საბადო არცერთ სხვა ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ დაეთმობა“, - განაცხადა ერდოღანმა. „ნებისმიერი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, საკუთარ ქვეყანას ცილს სწამებს“, - დასძინა მან.

ოპოზიციის ლიდერმა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) თავმჯდომარემ, ოზგიურ ოზელმა ერდოღანი იმაში დაადანაშაულა, რომ მან, საერთაშორისო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბეილიკოვას საბადო დონალდ ტრამპს დაუთმო.

„მოდით, ხელი შევუშალოთ ერდოღანს იმაში, რომ ამ ქვეყნის მომავალი ტრამპს გადასცეს. თურქეთი ერთად უნდა დადგეს იშვიათმიწა ლითონების დასაცავად. ამ ქვეყნის იშვიათმიწა ლითონებს ერდოღანი საკუთარი მომავლისთვის ვერ გაყიდის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ოზგიურ ოზელმა.

წყარო: 1 არხი