„ტერიტორიის საკითხზე მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. მინდა დავრწმუნდე, რომ უკრაინა, როცა ეს ომი დასრულდება, შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას, შეინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და იმედია ნატოს წევრი. ამასთან, შეინარჩუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყველა ახლა ვიბრძვით“, – განაცხადა სტუბმა.

ალექსანდრ სტუბი იხსენებს, რომ გოლფის თამაშის დროს დონალდ ტრამპმა ჰკითხა, თუ შეიძლებოდა პუტინის ნდობა. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, მან ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხა.

“ჩვენ გვჭირდება არა იმდენად სტიმულის ძალა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლაში, არამედ უფრო მეტად ჯოხი, რომელიც მათ მოიყვანს. ასე რომ, რუსეთი უნდა აიძულო, მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მშვიდობისთვის და ეს არის გარიგება, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მიაღწიოს“, – განაცხადა სტუბმა.

როგორც სტუბი აღნიშნავს, ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო რვა თვის განმავლობაში მოლაპარაკებები უფრო წინ წავიდა, ვიდრე წინ სამი წლის მანძილზე.

ჟურნალისტმა სტუბს კითხვა დაუსვა: „დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ შეიძლება იყოს გარკვეული „ტერიტორიული გაცვლები“ მომავალ სამშვიდობო გარიგებაში, მაგრამ შემდეგ, სექტემბერში, თქვა, რომ კიევს შეეძლო მთელი უკრაინის დაბრუნება მის თავდაპირველ ფორმაში. რატომ შეიცვალა ტრამპის პოზიცია?“

კითხვის საპასუხოდ, სტუბმა მიზეზად მოლაპარაკებებში რუსეთის წინსვლის არარსებობა დაასახელა.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ქვეყნის რეზერვები ამოწურულია, ზრდა პრაქტიკულად ნულის ირგვლივ არის და ინფლაცია 10%-დან 20%-მდე გაიზარდა.

სტუბის თქმით, სურს, რუსული ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტის სრულად შეწყვეტა.

ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  „მსურველთა კოალიცია“ მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, მაგრამ მათ სჭირდებათ აშშ-სგან მხარდაჭერა, კონკრეტულად საჰაერო თავდაცვაში, დაზვერვასა და ოპერაციებში.

1tv.ge