ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში.

უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საუბრისას კობახიძემ განმარტა, რომ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ამ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილი ერთ წელიწადში შესრულდება. მისი მტკიცებით, მთავრობის მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში.

„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი“, - განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება პირველ ეტაპზე დაგეგმილ ნაბიჯებში.