არასრულწლოვნების მიმართ ონლაინ ძალადობა იზრდება
არასრულწლოვნების მიმართ ონლაინ ძალადობა იზრდება.
ინტერპოლისა და ევროპოლის ანგარიშებში ციფრულ პანდემიასა და მსხვერპლთა ასაკობრივი ზღვრის დაწევაზე კეთდება აქცენტი.
ბოლო 11 თვის მონაცემები ასეთია:
ბავშვების წინააღმდეგ ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულებისთვის, პედოფილების წინააღმდეგ 44 სპეცოპერაცია ჩატარდა;
ამოღებულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ამსახველი თითქმის 80 000 მასალა;
დაწყებულია 45 წინასწარი გამოძიება.
ინტერპოლის, ევროპოლისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანგარიშებიდან ასევე ირკვევა, რომ ასეთი კიბერდაჯგუფებები არასრულწლოვნებს ყველა ვექტორიდან უტევენ.
ბნელი ქსელების (Dark Web / Dark Net) გარდა, ინფორმაცია დაშიფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობითაც იყიდება.
საერთაშორისო ექსპერტი კიბერუსაფრთხოებასა და კიბერპრევენციაში, პროფესორი ილინ სავოვი: სამწუხაროდ, პედოფილური ჯგუფები გლობალურად ქმნიან სპეციალურ დაშიფრულ ჩატებს, სადაც ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან და ვაჭრობენ.
ინტიმური შინაარსის მასალების გარდა, ეგრეთ წოდებული „ციფრული მტაცებლები“ ვაჭრობენ ინფორმაციით სამიზნე მსხვერპლთა ჩვევების, სოციალური პროფილებისა და ქცევის შესახებ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მათ ანგარიშების შედგენაც შეუძლიათ.
ამ გზით პედოფილები ახერხებენ, თავიანთი ქცევა მსხვერპლის ნდობის მოპოვებას მოარგონ.
ილინ სავოვი: ისინი ძალიან ადაპტურები არიან, რათა თავიანთი ფსიქიკა გამოწვრთნან და ზუსტად მაშინ, როცა მათ ეს ციფრული საკვები სჭირდებათ, ძალიან გამჭრიახები და გამომგონებლები ხდებიან.
გამოძიებას ართულებს ლოგისტიკა, რადგან ერთი დანაშაული ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე კონტინენტს მოიცავს.
უფრო მეტიც, სათანადო მტკიცებულებების შეგროვება მოითხოვს პროფილურ კიბერტრენინგს მთელი ჯაჭვის გასწვრივ - პოლიციიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული.
ილინ სავოვი: მხოლოდ გასულ წელს, კიბერდანაშაულის შემოსავალმა, გლობალური მასშტაბით, ხუთ ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი მონაცემთა შეგროვების ტაქტიკის გაუმჯობესებას, კერძოდ კი არასრულწლოვნების მიზანში ამოღებას ხმარდება.
ევროპოლი აცხადებს, რომ იზრდება გამოძალვისთვის გამოყენებული, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი.
საუბარია Deepfake-სა და ავტომატიზებულ „სპუფინგზე“. 2025 წელს 40%-ით გაიზრდება ისეთი შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელებში მანიპულირებენ მოზარდების ფოტოებით, რათა შანტაჟის მიზნით მაკომპრომიტერებელი კონტენტი შეექმნათ.
ასევე გამოიყენება მაღალტექნოლოგიური ჩატბოტები, რომლებიც თანატოლებს შორის კომუნიკაციის იმიტირებას ახდენენ. ამ გზით შესაძლებელი ხდება ნდობის მოპოვება.
ინტერპოლის მონაცემები აჩვენებს, რომ მსხვერპლთა ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე ჩამოვიდა. ობიექტების ამოცნობის ახალი ალგორითმების წყალობით, წელს მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ 7 მსხვერპლის იდენტიფიცირება ხდებოდა.
კრიმინალური აქტივობის თითქმის 75% დღეს უკვე უხილავი დაშიფრული არხების მიღმა იმალება.
ილინ სავოვი: ამ მომენტში, იმდენად დიდია ციფრული უფსკრული, რომელიც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტებს, საზოგადოებისა და სამართალდამცავ ორგანოებს, და მეორე მხრივ, ციფრულ დამნაშავეებს შორის არსებობს, რომ თუ გადამჭრელ ზომებს არ მივიღებთ, აღმოვჩნდებით მდგომარეობაში, როდესაც მოგვიწევს გვერდიდან ყურება, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკვე იძენს ავტონომიურობას, და კიბერდამნაშავეები.
პრევენციის მიზნით, ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, ჰქონდეთ ინსტრუმენტები იმ კონტენტის მონიტორინგისთვის, რომელიც ტელეფონებსა და კომპიუტერებში ინახება.
ციფრული ჰიგიენა ასევე გულისმობს ნებისმიერი პროვოკაციული ფოტოსა და ვიდეოს იზოლირებას ტელეფონებიდან და მონაცემთა ბაზებიდან.
წყარო: 1 არხი