აშშ ციფრული განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მზაობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) 2026 წლის World Digital and AI Ranking-შია აღნიშნული, რომელიც 70 ეკონომიკას აფასებს.
რეიტინგის პირველ ხუთეულში აშშ-სთან ერთად სინგაპური, ნიდერლანდები, დანია და კანადა მოხვდნენ. ათეულში ასევე არიან შვედეთი, ჩინეთი, ფინეთი, შვეიცარია და სამხრეთ კორეა.
IMD-ის კვლევა აფასებს, რამდენად მზად არიან ქვეყნები და კომპანიები ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის. შეფასება მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მმართველობა, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური ეფექტიანობა, სამუშაო ძალის განვითარება და ღირებულებები.
კვლევის მიზანია არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების დონის შეფასება, არამედ იმის განსაზღვრაც, რამდენად შეუძლიათ ეკონომიკებს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტიული გამოყენება, მისი პასუხისმგებლიანი მართვა და ამ პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფა.