ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ფილიპინებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ირინე წაქაძემ საქართველოში ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს გეგმებზე ისაუბრა. 


მინისტერიალზე ასევე  სიტყვით გამოვიდნენ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი  ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.  


როგორც ირინე წაქაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო მიზნად ისახავს ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებას, რომელიც პასუხობს ყველა ბავშვის განსხვავებულ საგანმანათლებლო, ქცევით, განვითარების და ემოციურ, განსაკუთრებით კი მოწყვლად მდგომარეობაში თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.  


მინისტრის მოადგილემ იმ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად იღებს. 


„ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთ ბავშვს, განსაკუთრებით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს, აქვთ კომპლექსური ქცევითი და ემოციური საჭიროებები, რომლებიც უფრო სპეციალიზებულ მიდგომას მოითხოვს. გამიზნული გვაქვს, მიმდინარე წლის ბოლომდე, დავნერგოთ მულტიდისციპლინური, ბავშვზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისები, რომლებიც ამ ბავშვებს დაეხმარება უნარების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო და სოციალურ გარემოში მონაწილეობის გაუმჯობესებასა და ასევე შეამცირებს ძალადობის, ბულინგისა და გარიყვის რისკებს“ - განაცხადა ირინე წაქაძემ. 


ორდღიანი მინისტერიალი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და სიტყვით გამოსვლებს - სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დამცველები და ახალგაზრდები მსჯელობენ ბავშვთა უსაფრთხოების, მათი საჭიროებებისა და  ძალადობის პრევენციის საკითხებზე. მონაწილეები იმ ვალდებულებების შესახებაც აკეთებენ განცხადებას, რომლებსაც ქვეყნები ორი წლის განმავლობაში, მომდევნო მინისტერიალის გამართვამდე შეასრულებენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ფილიპინების რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია თორნიკე ნოზაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს