სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება უკავშირდება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2019 წელს გამოცხადებულ, 6.64 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერს, რომელშიც კომპანიას ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.
სააგენტოს 2026 წლის 4 სექტემბრის №2653 განკარგულებით, „იმედი L“-ის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა. კომპანია შავ სიაში ოფიციალურად 2026 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა.
რა ხდება შავ სიაში მოხვედრის შემდეგ?
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, შავ სიაში რეგისტრირებულ კომპანიას რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ აქვს.
შესაბამისად, „იმედი L“-ს 2027 წლის სექტემბრამდე ეკრძალება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და სახელმწიფო უწყებებისა თუ მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება. შეზღუდვა ვრცელდება გამარტივებულ შესყიდვებზეც.
ამასთან, შავ სიაში მოხვედრა არ ნიშნავს კომპანიის საქმიანობის სრულად შეჩერებას. მას შეუძლია გააგრძელოს კერძო სექტორში სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება. ასევე, შავ სიაში რეგისტრაცია თავისთავად არ იწვევს უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ავტომატურ გაუქმებას.
რატომ მოხვდა „იმედი L“ შავ სიაში?
საქმე 2019 წლის 30 აგვისტოს გამოცხადებულ NAT190017278 ტენდერს ეხება. „საქართველოს რკინიგზა“ საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას გეგმავდა. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის „იმედი L“, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება წარადგინა.
კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას უკავშირდებოდა. კერძოდ, „იმედი L“-მა პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალში შპს „სენა-მედი“ და შპს „Life 2012“ მიუთითა, თუმცა რკინიგზის შეფასებით, სატენდერო წინადადების წარდგენის მომენტისთვის მათთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა.
კომპანია სატენდერო პირობების ინტერპრეტაციას არ ეთანხმებოდა
„იმედი L“-ის პოზიციით, სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა მოთხოვნას, რომ პროვაიდერ კლინიკებთან წერილობითი ხელშეკრულებები უშუალოდ სატენდერო წინადადების წარდგენის მომენტში ყოფილიყო გაფორმებული.
კომპანია განმარტავდა, რომ „Life 2012“-თან თანამშრომლობა ელექტრონული მიმოწერით იყო შეთანხმებული, რომლის ფარგლებშიც კლინიკამ მომსახურების ფასები მიაწოდა, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ მათი მიღება დაადასტურა. მოგვიანებით, 2019 წლის 19 სექტემბერს, მხარეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„სენა-მედთან“ დაკავშირებით კი „იმედი L“ მიუთითებდა 2009 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობაზეც საუბრობდა.
მიუხედავად ამისა, დავების განხილვის საბჭომ და შემდგომ სასამართლოებმა კომპანიის არგუმენტები არ გაიზიარეს. მათი შეფასებით, მომსახურების ფასების ელექტრონული მიმოწერით გაცვლა მხარეებს შორის პროვაიდერული ურთიერთობისთვის აუცილებელ ყველა არსებით პირობაზე შეთანხმებას არ ადასტურებდა.
დავა უზენაეს სასამართლომდე მივიდა
„იმედი L“-მა 2019 წლის ოქტომბერში დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 28 აპრილს კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2024 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
კომპანიამ დავა უზენაეს სასამართლოში გააგრძელა, თუმცა 2026 წლის 29 ივლისს სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
ამის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკითხის განხილვა განაახლა. კომპანიამ სააგენტოს 2026 წლის 17 აგვისტოსა და 3 სექტემბერს დამატებითი განმარტებებიც წარუდგინა, თუმცა ეს არგუმენტები გადაწყვეტილების შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სააგენტოს შეფასებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული იყო, რომ „იმედი L“-მა სატენდერო დოკუმენტაციაში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო ინფორმაცია წარადგინა და შემდგომ მისი სისწორეც დაადასტურა.
შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი და მის მიმართ მხოლოდ გაფრთხილების გამოყენების პირობები არ არსებობდა.