ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პუტინის მოთხოვნებს არასდროს უნდა დავთანხმდეთ, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„პუტინის მოთხოვნები უკრაინაზე ბევრად მეტს ეხება. საუბარია ევროპული უსაფრთხოების შესახებ, რუსული პირობებით. ამას არასდროს უნდა დავთანხმდეთ. სწორედ ამიტომ, ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში იყოს, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

მისი თქმით, რუსული იერიშების მოგერიების მიზნით, ევროპამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უნდა უზრუნველყოს.

„რუსეთი უკრაინის მოსახლეობას ატერორებს და დარტყმებს გათბობის, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემებზე ახორციელებს. უკრაინას ჩვენი, ევროპელების მხარდაჭერა ესაჭიროება, რათა ზამთარი გადაიტანოს“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ipn.ge