აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულმა კომპანია Trump Media & Technology Group-მა კრიპტობირჟა Crypto.com-ზე დაახლოებით 4 259 ბიტკოინი გადარიცხა. ტრანზაქციის მომენტში მათი ღირებულება დაახლოებით 342-344 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ბლოკჩეინ-ანალიტიკური პლატფორმა Arkham-ის მონაცემებით, ბიტკოინები ორ ტრანზაქციად გადაირიცხა იმ საფულეებიდან, რომლებიც 2028 წლის კონვერტირებადი ობლიგაციების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. გადარიცხული მოცულობა თითქმის ემთხვევა იმ 4 260.73 ბიტკოინს, რომელიც კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში ობლიგაციების უზრუნველყოფის სახით არის მითითებული.

მსხვილმა ტრანზაქციამ ბაზარზე გააჩინა ვარაუდი, რომ კომპანიამ შესაძლოა ბიტკოინის ნაწილი ვალდებულებების დასაფარად გაყიდოს. ამ მოლოდინს ამყარებს ისიც, რომ კომპანიის მიერ 2 ნოემბერს წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ობლიგაციების მფლობელებს 30 ნოემბერს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით მოთხოვნის უფლება ექნებათ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რეფინანსირების ან სხვა ფინანსური ზომების არასაკმარისობის შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა ვალდებულებების დასაფარად ბიტკოინის ან სხვა ციფრული აქტივების გაყიდვა მოუწიოს.

კომპანიას ამ კონკრეტული გადარიცხვის მიზანი საჯაროდ ჯერ არ განუმარტავს.