ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის „კარგი ურთიერთობა“ არსებობდეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუტემ ნიდერლანდურ თოქ-შოუში, Pauw & De Wit-ში, საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა, რუტემ უპასუხა, რომ ამ გარიგების გამოცხადებამ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებში „პანიკა“ გამოიწვია.

„მესმის მათი, მეც გაკვირვებული დავრჩი“, - განაცხადა რუტემ, თუმცა დასძინა, რომ წელს ევროპამ რუსეთისგან დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, „რაც ბევრად აღემატება იმ მოცულობას, რასაც დიზელის ეს გარიგება მოიტანს! ევროპაც არ არის უმანკო“.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ევროპის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რუტეს თქმით, ნატო არის „ამერიკელებისთვის საკუთარი ძალის წარმოჩენის პლატფორმა, რაც ჩვენს ინტერესებში დიდად შედის, რადგან ჩვენ, როგორც ევროპა, ჯერჯერობით თავად ვერ ვახერხებთ ამას“.

მას ასევე ჰკითხეს, გაიმარჯვებს თუ არა ვინმე უკრაინის ომში, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრით დაიწყო.

„არ მგონია, ეს დიდად სავარაუდო იყოს. ასეთი ტიპის ომები ყოველთვის სამშვიდობო შეთანხმებით სრულდება, რაც ხშირ შემთხვევაში ერთგვარი კომპრომისია”, - აღნიშნა რუტემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ რუსული აგრესიის საფრთხის მიმართ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს მაშინაც კი, როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდება.

„ამჟამად რუსული საფრთხე უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან არ ვლინდება, რადგან მათი ჯარისკაცების დიდი ნაწილი უკრაინაშია დაკავებული, თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მათი უზარმაზარი არმია იქ მხოლოდ იმისთვის არ იქნება, რომ უბრალოდ უზარმაზარ არმიად დარჩეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით რუტემ ტრამპი შეაქო იმისთვის, რომ იგი ისლამური რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთას მტკიცედ ცდილობს.

რუტემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია თეირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა - „საფრთხის, რომელიც არსებობდა, და ასევე ის, რომ განადგურებულიყო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც კოპენჰაგენამდე ან ლონდონამდე მიღწევა შეეძლოთ. „პრობლემა ისაა, რომ ევროპა ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა“, - აღნიშნა რუტემ.

რუტეს თქმით, შუალედური არჩევნების შემდეგ მან დონალდ ტრამპს მოკლე შეტყობინება გაუგზავნა: „გული არ გაიტეხო და გავაგრძელოთ წინსვლა“.

ipn.ge