კომპანია Toyota Motor-ის ავტომობილების გლობალური გაყიდვები მაისში ზედიზედ მეოთხე თვეა შემცირდა, რადგან საზღვარგარეთ დაბალმა მოთხოვნამ გადაწონა შიდა ბაზარზე არსებული სტაბილური შედეგები. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 29 ივნისს გაავრცელა.
აღინიშნება, რომ Toyota-ს გლობალური გაყიდვები, ლუქს-ბრენდ Lexus-ის ჩათვლით, მაისში წლიურ გამოხატულებაში 7.2%-ით დაეცა - 834 279 ავტომობილამდე.
იაპონიის ფარგლებს გარეთ გაყიდვები 9.6%-ით შემცირდა და 715 898 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც შიდა გაყიდვები 11.1%-ით გაიზარდა - 118 381 ავტომობილამდე.
ჩინეთში გაყიდვები, ჰონკონგისა და მაკაოს ჩათვლით, წლიურ ჭრილში 31.7%-ით შემცირდა (102 299 ერთეულამდე).
ინდოეთში გაყიდვები 15.3%-ით გაიზარდა - 30 227 ავტომობილამდე, რასაც ხელი შეუწყო მაღალმა მოთხოვნამ მოდელებზე: Urban Cruiser Hyryder, Innova Hycross და Innova Crysta, ასევე ავტომობილებზე გადასახადების შემცირებამ.
ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და მხოლოდ 0.1%-ით შემცირდა — 280 539 ერთეულამდე.
როგორც იტყობინებიან, მაისში Toyota-ს გლობალური წარმოება, Lexus-ის ჩათვლით, 5.5%-ით შემცირდა — 765 470 ავტომობილამდე, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი წლიური კლებაა. კომპანიამ ეს ზოგიერთ საწარმოში სამუშაო დღეების რაოდენობის შემცირებით ახსნა, მიუხედავად საერთო სტაბილური მოთხოვნისა.
2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, Toyota-ს ჯამური გლობალური გაყიდვები წლიურ გამოხატულებაში 3.5%-ით შემცირდა (4.14 მლნ ავტომობილამდე), ხოლო წარმოება 2.1%-ით დაეცა და 3.98 მლნ ერთეული შეადგინა.