სომხეთში, VII-XIII საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო და დასუფთავების სამუშაოების დროს არქეოლოგებმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ისტორიული აღმოჩენა გააკეთეს.

ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპოვნ არტეფაქტებს შორის განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება საქართველოს თამარ მეფის მმართველობის პერიოდში მოჭრილ უიშვიათეს მონეტას ენიჭება.

ამასთანავე, სპეციალისტებმა ციხესიმაგრის შიდა კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ადამიანის თითქმის სრულად შემონახული ნეშტი აღმოაჩინეს. კბილებისა და ფეხის ძვლების პირველადი ანალიზით დგინდება, რომ ჩონჩხი ახალგაზრდა ადამიანს ეკუთვნის, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 180 სანტიმეტრს აღწევდა, რაც იმ ეპოქისთვის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

ნაშთების სიახლოვეს არქეოლოგებმა ასევე მიაკვლიეს შუა საუკუნეების პოპულარული სამაგიდო თამაშის, „ტამას“ ფიგურებს, რომელიც თანამედროვე შაშსა და ჭადრაკს ჰგავს და მეცნიერებს იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ დამატებით ცნობებს აწვდის.