პორტუგალიის მთავრობა TAP Air Portugal-ის აქციების 49.9%-ის გაყიდვას გეგმავს, საიდანაც 5% ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ნაბიჯი პრივატიზაციის განახლებული პროცესის პირველი ეტაპია, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს კონტროლი კომპანიაზე და საჭიროების შემთხვევაში, შეწყვიტოს პროცესი ჯარიმების გარეშე.
გარიგების მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვეს ისეთმა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან:
- Lufthansa
- Air France-KLM
- IAG (ჰოლდინგ კომპანია, რომელიც ფლობს British Airways-ს და Iberia-ს)
სამივე მხარემ მოლაპარაკებები გამართა პორტუგალიის მთავრობასთან და მზადყოფნა გამოთქვა, განიხილონ გარიგების პირობები სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრივატიზაციის მთავარი მიზანია TAP-ის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შენარჩუნებით. მონტენეგროს თქმით, გადამწყვეტი პირობაა ლისაბონში ჰაბის შენარჩუნება. ეს აუცილებელია ბრაზილიის, აფრიკის პორტუგალიურენოვანი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ტრანსატლანტიკური მარშრუტების შესანარჩუნებლად. TAP ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პორტუგალიის ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერაში.
TAP ადრე 2015 წელს იყო პრივატიზებული, თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ის კვლავ ნაციონალიზებული გახდა. ამ პერიოდში კომპანიამ სახელმწიფოსგან და ევროკავშირისგან 3 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო დახმარების სახით. ანტიკრიზისული ზომების მიუხედავად, TAP-მა 2021 წელს რეკორდული ზარალი – 1.6 მილიარდი ევრო დააფიქსირა.
დღეისათვის, TAP წელიწადში 16 მილიონზე მეტ მგზავრს გადაჰყავს. მისი ფლოტი 99 თვითმფრინავს მოიცავს, ხოლო რეგიონულ TAP Express-ს 19 თვითმფრინავი ჰყავს. პორტუგალიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აქციების ნაწილობრივი გაყიდვა მათ საშუალებას მისცემს შეამცირონ ბიუჯეტის ხარჯები, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან აქტივზე კონტროლის დაკარგვის გარეშე.