სუვერენული სიმდიდრის ფონდი (SWF) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ორგანიზაციაა, რომელიც ინვესტიციებს უძრავ და ფინანსურ აქტივებში დებს, მაგალითად, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ზოგჯერ კი კერძო კაპიტალის ფონდები ან ჰეჯ-ფონდები. ისინი ფულად სახსრებს ქვეყნის მიერ ექსპორტიდან ან ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვიდან მიღებული შემოსავლებიდან იღებენ.
დღეისთვის მსოფლიოს სუვერენული სიმდიდრის ფონდები $13 ტრილიონზე მეტი ღირებულების აქტივებს ფლობენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი — დადებითი სავაჭრო სალდოსა და ენერგეტიკული სექტორიდან მიღებული შემოსავლების წყალობით — აზიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია თავმოყრილი. ამის მიუხედავად, სუვერენული სიმდიდრის უდიდეს ფონდებს შორის წლებია, ერთპიროვნული ლიდერი ევროპული სახელმწიფოა — კერძოდ კი ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი, რომლის კონტროლქვეშაც $2.1 ტრილიონზე მეტი ღირებულების აქტივებია.
მსოფლიოს უდიდესი სუვერენული სიმდიდრის ფონდების რეიტინგი Visual Capitalist-მა Global SWF-ის 2026 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა. რეიტინგი ასახავს, თუ მსოფლიოს რა ნაწილშია კონცენტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კაპიტალი და რომელი ქვეყნები აკონტროლებენ სუვერენული სიმდიდრის უდიდეს რესურსებს.
1990 წელს, ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ნამატის გრძელვადიან ინვესტიციებად გარდაქმნის მიზნით შექმნილი სუვერენული ფონდი — Norges Bank Investment Management-ი (NBIM) — მსოფლიოში უმსხვილესია. 2026 წლის მონაცემებით, ფონდის კონტროლქვეშ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, $2.1 ტრილიონზე მეტი ღირებულების აქტივებია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სულ რაღაც 5 მილიონს აღწევს, ეს თანხა თითოეულ მოქალაქეზე საშუალოდ $350,000-ზე მეტს შეადგენს.
ნორვეგიის მთავრობამ NBIM-ის მეშვეობით წარმატებით აარიდა თავი „რესურსების წყევლას“, რაც ხშირად აზარალებს ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკებს. დივერსიფიცირებულ გლობალურ აქტივებში ინვესტირებით კი ქვეყანამ შექმნა მძლავრი ფინანსური რეზერვი მომავალი საჯარო ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარებისთვის.
თუმცა ნორვეგია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს მთავრობის კონტროლქვეშ არსებულ ფონდში აინვესტირებს. მსგავსი მიზნით სუვერენული ფონდები ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებშიცაა შექმნილი, მაგალითად: საუდის არაბეთში ($1.3 ტრილიონი), ქუვეითში ($1 ტრილიონი), კატარში ($580 მილიარდი) და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ეროვნული და ცალკეული საამიროების ფონდები ჯამში $2.6 ტრილიონზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სუვერენული ფონდები იმ ქვეყნებშიც გაიხსნა, რომლებიც ნავთობის მსხვილი ექსპორტიორები არ არიან. მათ შორისაა თურქეთის სიმდიდრის ფონდი. ეს უკანასკნელი 2016 წელს დაარსდა და $360 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივებს ფლობს — მათ შორის წილებს „თურქეთის ავიახაზებში“ და იზმირის პორტის სრულ საკუთრებას.
უკანასკნელი ქვეყანა კი, რომელიც სუვერენული ფონდების მქონე სახელმწიფოების რიგს შეუერთდა, კანადაა. „კანადის ძლიერი ფონდის“ (Canada Strong Fund) შექმნის შესახებ კანადის პრემიერმა მარკ კარნიმ 2026 წლის აპრილში განაცხადა. $18-მილიარდიანი ფონდი დაარსებისთანავე მსოფლიოში რიგით 55-ე უმსხვილესი სუვერენული ფონდი გახდა.
კანადის მთავრობა იმედოვნებს, რომ ფონდის სახსრების გამოყენება ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიული პრიორიტეტების დაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანა სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციასა და შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
ფონდის გაძლიერებაში წამყვან როლს, სავარაუდოდ, ნავთობიდან, სამთო მოპოვებიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლები ითამაშებს, რაც „ალასკის მუდმივი ფონდის“ ($88 მილიარდი) მოდელის მსგავსია. ფონდი ალასკის მოსახლეობას ყოველწლიურად დივიდენდებს უხდის და პრაქტიკაში „საბაზისო შემოსავლის“ ერთადერთი წარმატებული მაგალითია მსოფლიოში.
სუვერენული სიმდიდრის უდიდესი ფონდები მსოფლიოში, მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულების მიხედვით:
- ნორვეგიის სამთავრობო საპენსიო ფონდი – $2.1 ტრილიონი
- SAFE საინვესტიციო კომპანია (ჩინეთის სუვერენული ფონდის ჰონგ-კონგის ფილიალი) – $1.99 ტრილიონი
- ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია – $1.57 ტრილიონი
- აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო – $1.2 ტრილიონი
- საჯარო საინვესტიციო ფონდი (საუდის არაბეთი) – $1.15 ტრილიონი
- ქუვეითის საინვესტიციო ორგანო – $1 ტრილიონი
- GIC (სინგაპურის სუვერენული სიმდიდრის ფონდი) – $936 მილიარდი
- კატარის საინვესტიციო ორგანო – $580 მილიარდი
- დუბაის საინვესტიციო კოოპერაცია – $429 მილიარდი
- Mubadala-ს საინვესტიციო კომპანია – $385 მილიარდი