ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და მრევლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, იწოდებოდეს ახალ პატრიარქად.

„უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის  მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იწოდება შიო მესამედ. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – შვიდი ხმა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები.

პირველი არხი