აშშ-ის წარმომადგენლებთან თითქმის ყოველდღიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აშშ-ში, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გასულ კვირას გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა კვლავ ჩართულია დიპლომატიურ პროცესებში და შუამავლის როლს ასრულებს ტყვეების გაცვლის საკითხში. კონტაქტები შესაბამის დონეზე გრძელდება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს გაცვლის კონფიგურაცია. სიები გადაცემულია და ველით, რომ ამერიკული მხარე აქტიურ როლს შეასრულებს ამ შეთანხმების უზრუნველყოფაში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, რუსტემ უმეროვმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ომის დასრულების მიზნით ლიდერების დონეზე შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატებიც განიხილა.

ასევე, მისი თქმით, რუსტემ უმეროვმა უკრაინასთან დრონების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაინტერესებული ქვეყნების შესახებაც აცნობა.

„სხვადასხვა ეტაპზე დაახლოებით 20 ქვეყანაა ჩართული. ოთხი შეთანხმება უკვე გაფორმდა და ახლა პირველი კონტრაქტები მზადდება. პოლიტიკური შეთანხმებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ipn.ge