"ენგურჰესის" ტერიტორიაზე სანაოსნო, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება. როგორც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი არქანიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, თავდაპირველად, ატრაქცია ერთდროულად 30-40 მომხმარებლის მომსახურებას შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოცულობა შეიცვალოს და უფრო მეტად გაიზარდოს. 

"ჩვენი ნავები საწყის ეტაპზე, შიდა წვის ძრავიანი იქნება, თუმცა პროექტის თანახმად, 2 წლის ვადაში აღნიშნული ელექტროძრავიანი მცურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ბევრი რამ გვაქვს მოსაწყობი დამატებტ, მათ შორის ეზო და სხვა ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, ელექტრო ძრავიანი ნავების შესყიდვისთვის დამატებითი ინვესტიცია იქნება საჭირო.

ამჟამად, მაქსიმალური შესაძლებლობების ნიშნულზე ვართ ჩასული. გაკეთებულია კიბე, მოაჯირი და ხოლო ნავების განლაგების წერტილი წყლის დონის ცვალებადობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოძრავი იქნება", - აცხადებს ბადრი არქანია.

ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი