„ბიბისის“ ცნობით, ავსტრალიაში ასობით ავტოგასამართ სადგურზე საწვავის დეფიციტია. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ირანში ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით ავსტრალიაში საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა. მაგალითად, დიზელის ფასი 85%-ით გაიზარდა.

ასობით სადგურზე ბენზინისა და დიზელის მარაგი იწურება, რაც მძღოლების მხრიდან საწვავზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე შეზღუდულია საწვავის ერთჯერადი შეძენის მოცულობა, ხოლო სპეციალური ჭურჭლის შევსება, რომლითაც გადააქვთ საწვავი, საერთოდ აკრძალულია. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვნენ და იმაზე მეტი საწვავი არ შეიძინონ, ვიდრე სჭირდებათ.

ავსტრალიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ, რეალურად, საწვავის მიწოდება არ შემცირებულა და დეფიციტი პანიკურმა ყიდვამ გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავზე მოთხოვნა დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ძლიერი იქნება მისი გავლენა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას საწვავის საკმარისი მარაგი აქვს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო დიდი იქნება მისი გავლენა. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოვემზადოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ავსტრალიელები უარესისგან“, – განაცხადა ალბანეზემ.

მთავრობის განცხადებით, დეფიციტი გამოწვეულია მოთხოვნისა და დისტრიბუციის პრობლემებით და არა მიწოდების შემცირებით.

„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ავსტრალიის ბენზინის, დიზელისა და ნავთობის მარაგი იგივე იქნება, ან, შესაძლოა, მეტიც, ვიდრე ჩვეულებრივ დროს“, – განაცხადა ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუნმა.

ცნობისთვის, ავსტრალიაში საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს და ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.

ავსტრალიის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბენზინის ფასი ლიტრზე 238 ავსტრალიურ ცენტამდე ($1.64) გაიზარდა, მაშინ როცა ოთხი კვირის წინ 171 ცენტი იყო. დიზელის ფასი 314.5 ცენტამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

1tv.ge