მზის სისტემის შიდა ნაწილი შეიძლება იმისგან სრულიად განსხვავებულად წარმოიქმნა, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა. უკვე ათწლეულებია, მკვლევრები ფიქრობენ, რომ კლდოვანი პლანეტები ადრეულ მზის სისტემაში მტვრისა და ნარჩენი მასალების მხოლოდ ერთი დისკოსგან წარმოიქმნა, მაგრამ ახალი სიმულაციები მიუთითებს, რომ შეიძლება არსებულიყო მატერიის ორი ცალკეული რგოლი.
ახალგაზრდა მზის გარშემო მატერიის მხოლოდ ერთი რგოლის მოდელები ვერ აღადგენენ მზის სისტემის რამდენიმე მახასიათებელს, რომელსაც დღეს ვხედავთ. ერთი ისაა, რომ როგორც ჩანს, დედამიწა ორი სხვადასხვა სახის ქანისგან შედგება, რაც ასე ვერ იქნებოდა, ისინი მხოლოდ ერთი რგოლიდან რომ მომდინარეობდეს. ამას გარდა, ერთი რგოლის მოდელები შედეგად იძლევა უფრო დიდ მერკურისა და მარსს, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარე ვენერას და დედამიწას და მარსისა და დედამიწის ერთნაირ შემადგენლობას.
კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერმა ბილ ბოტკმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს დეტალური სიმულაციების სერია იმ სხვადასხვა გზებისა, რომლებითაც პლანეტები შეიძლება წარმოქმნილიყო მატერიის მხოლოდ ერთი რეზერვუარიდან და შემდეგ განვითარებულიყვნენ. თუმცა, პრობლემები კვლავ პრობლემებად დარჩა.
„კომპიუტერთან ექვსი თვე გავატარეთ, არაფერი მუშაობდა, სასოწარკვეთილ თამაშს ვეწეოდით. სწორედ მაშინ ვთქვით — რატომ არ უნდა განვიხილოთ მეორე რეზერვუარი? აღმოჩნდა, რომ ამ მოდელმა დიდი საქმე გააკეთა არა მხოლოდ კლდოვანი პლანეტების წარმოქმნის მხრივ, არამედ ახსნა სხვა პრობლემური საკითხებიც“, — ამბობს ბოტკი.
ის ასევე ემთხვევა დედამიწის, მთვარისა და მარსის შემადგენლობას.
„ვფიქრობთ, რომ დედამიწა ძირითადად წარმოიქმნა მზის სისტემის შიდა ნაწილის მასალისგან და მხოლოდ უკანასკნელი პორცია მოვიდა გარე მზის სისტემიდან“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი იან ჰელმანი.
თუკი დედამიწა შიდა დისკოსგან წარმოიქმნა და გარე დისკოს წვლილი მცირე იყო, ბოტკის მოდელი პროგნოზირებს, რომ ის ამ მოლოდინებს უნდა ემთხვეოდეს. მეორე მხრივ, მარსი ძირითადად გარე დისკოსგან უნდა წარმოქმნილიყო, რაც ხსნის სხვაობას ამ ორი პლანეტის შემადგენლობებს შორის.
არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ მოდელს ძალიან სპეციფიკური საწყისი პირობები სჭირდება მზის სისტემის შიდა ნაწილის სწორად რეპროდუქციისთვის და ასი პროცენტით ნათელი არ არის, რატომ უნდა ჰქონოდათ ამ პირობებს საჭირო მნიშვნელობები.
„დისკოს ფორმაში მცირე ცვლილებებს შეუძლია დიდი სხვაობა მოგვცეს იმ თვალსაზრისით, თუ საით წავლენ კლდოვანი პლანეტები“, — ამბობს ბოტკი.
მკვლევრები ამჟამად მოდელის დახვეწაზე მუშაობენ და სწავლობენ მის სხვა გავლენებს მზის სისტემაზე.
„სუპერკომპიუტერთან დიდ დროს ვატარებთ, რათა მოვსინჯოთ ყოველი გონივრული შესაძლებლობა. თუ ამან იმუშავა, შეიძლება აიხსნას მზის სისტემის მრავალი სხვა საიდუმლო, უცნაური ასტეროიდებიდან დაწყებული მთვარის ზედაპირზე აუხსნელი ქანებით დამთავრებული“, — ამბობს კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ბილ ბოტკი.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.