ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის რჩევები უხვად არის ხელმისაწვდომი სოციალურ მედიაში — მოდურიდან ინფორმაციულით დაწყებული, დეზინფორმაციით დამთავრებული; და თქვენ მარტო არ ხართ, ვინც ამას ხედავთ.
ამერიკული კვლევითი ცენტრის, Pew-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ში ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან ოთხი და 50 წლამდე ასაკის ადამიანების დაახლოებით ნახევარი — ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიიდან ან პოდკასტებიდან იღებს.
მკვლევრებმა ასევე დაათვალიერეს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის 6828 ინფლუენსერის სოციალური მედიის პროფილი, რომელთაც სულ მცირე 100 000 გამომწერი ჰყავთ. 10-დან მხოლოდ 4 ახსენებს, რომ აქვს ჯანდაცვის პროფესიონალის გამოცდილება.
დაახლოებით ერთი-მესამედი თავს „ქოუჩს“ უწოდებს, დაახლოებით 10-დან 3 თავს მეწარმედ (ანტრეპრენერი) აღწერს, 10-დან ერთს კი მოჰყავს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითად, მშობლობა.
ექსპერტიზის ფართო დიაპაზონის მიუხედავად, იმ ხალხის დაახლოებით ნახევარი, ვინც ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესახებ ინფორმაციას ინფლუენსერებისგან იღებს, ამბობს, რომ ინფლუენსერები ეხმარებიან საკუთარი ჯანმრთელობის უკეთ გააზრებაში, დაახლოებით ერთი-მესამედი კი ამბობს, რომ ამან დიდი ცვლილება არ მოახდინა. დაახლოებით 10-დან ერთმა თქვა, რომ ამან ისინი უფრო დააბნია.
ექსპერტთა განცხადებით, ფიტნესის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პირადი ჯანმრთელობის შესახებ პოსტებთან ურთიერთქმედებისას მთავარია გარკვეული სკეპტიციზმი. გთავაზობთ მათ რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ გახდეთ უფრო ჭკვიანი მომხმარებელი.
როგორ შევამოწმოთ ჯანდაცვის ინფლუენსერის კვალიფიკაცია
ექსპერტების თქმით, ყველაზე დიდი მწვანე შუქია, როცა ინფლუენსერის კვალიფიკაცია ადვილად საპოვნელია მისსავე პროფილზე. უფრთხილდით იმ „ქოუჩებს“, რომლებიც უბრალოდ ცარიელ ადგილებს ტოვებენ და რომლებსაც საკუთარი გამოცდილების დამტკიცება არ შეუძლიათ.
კორტნი ბაბილია, სამედიცინო ვარჯიშის სერტიფიცირებული სპეციალისტი და პირადი მწვრთნელი, რომელსაც Instagram-ზე 430 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამას დედობის კონტენტის ჭრილში განიხილავს.
„ვიღაცას ბავშვი შეეძინა და უცბად, ორსულობის ქოუჩად იქცა. ფრთხილად უნდა ვიყოთ ხალხთან, რომლებსაც გამოცდილება სხვა რაღაცაში აქვთ და უცბად, ამის ‘ქოუჩებად’ იქცევიან“, — ამბობს იგი.
ქოუჩი ბიზნესმოდელია და არა გამოცდილების ნიშანი. ბაბილია ქრონიკულ დაავადებასთან გამკლავების საკუთარ გამოცდილებას ონლაინ რეჟიმში გვიზიარებს, თუმცა ამას პროფესიონალური რჩევებისგან განაცალკევებს.
„ვალდებული ხართ დარწმუნდეთ, რომ არავის აწვდით ცრუ წარმოდგენას ან არ ავრცელებთ ისეთ ცნობას, რომელიც ყველასთვის არ იქნება გამოსადეგი“, — აღნიშნავს ბაბილია.
ნუ აჰყვებით ვირუსული შოკის ფაქტორს
იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო სერვისებზე წვდომა ან გრძნობენ, რომ ექიმები არ უსმენენ, უჩვეულო მოსაზრება შეიძლება დიდი ხნის ნანატრ პასუხად მოეჩვენოთ. Pew-ს კვლევის თანახმად, დაუზღვეველი ადამიანების 53% ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიიდან იღებდა, დაზღვეული ადამიანების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 38%-ია.
თუმცა, ნიუ-იორკის სტოუნი ბრუკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმი ფატიმა დაუდ ილმაზი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ონლაინ რეჟიმში კარგი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებას, არ ცდილობენ შიშის ან გაოცების გამოწვევას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს გამოცდილება აქვს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ საუბრობენ ისინი თავიანთი ცოდნის ფარგლებს გარეთ? შეესაბამება თუ არა მათი ნათქვამი სამეცნიერო კონსენსუსს?
„ყველა მოსაზრება ერთნაირი არ არის, როდესაც საქმე ჯანმრთელობას, მედიცინას ან მეცნიერებას ეხება“, — ამბობს დაუდი.
„ყურადღება მიაქციეთ გაზვიადებულ ან ცალსახა მტკიცებებს, განსაკუთრებით ვიდეოს პირველ რამდენიმე წამში, როდესაც ინფლუენსერები თქვენი ყურადღების მიპყრობას ყველანაირად ცდილობენ“, — აღნიშნავს ბაბილია.
პრაქტიკოსი თერაპევტი და ავტორი, ნედრა გლოვერ ტავაბი ამბობს, რომ ორაზროვანი ფორმულირება კარგი ნიშანია. თავის ვიდეოებში საზღვრებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ, ის ხშირად იყენებს „იქნებ“, „ზოგჯერ“, „ალბათ“, იმის ნაცვლად, რომ გამომწერებს დიაგნოზი დაუსვას. Instagram-ზე მას 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მისი თქმით, თუ გრძნობთ, რომ დიაგნოზი ინტერნეტში იპოვეთ, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა მიმართოთ პროფესიონალს.
ინფლუენსერები ფულს აკეთებენ
ხალხი სოციალურ მედიაში ფულს აკეთებს და ზოგისთვის ეს ძირითადი შემოსავალია.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია მიკერძოებულია, მაგრამ ეუბნება მომხმარებელს, რომ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით შეხედონ, რადგან მათ ფინანსური სტიმული აქვთ მის გასავრცელებლად“, — ამბობს დაუდი.
ნუ იქნებით პასიური მსქროლავი
ექსპერტები ასევე გვირჩევენ ვიდეოს წყაროების შემოწმებას. მოძებნეთ ოქროს სტანდარტის მეცნიერება. ბაბილიას განცხადებით, ზოგიერთი პოსტი ფაქტებით კარგად დამოწმებული არ არის და ციტირებენ წყაროებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ინფლუენსერი ამბობს.
გამოიყენეთ იგივე სტანდარტი, რასაც ონლაინ რაიმეს ყიდვისას იყენებთ.
Pew-ის მიმოხილვის თანახმად, მომხმარებელთა ორი-მესამედი ამბობს, რომ მათ კონტენტი არ უძებნიათ და შემთხვევით წააწყდნენ.
„თუ გსურთ, რომ აკნტროლოთ სოციალურ მედიაში თქვენი კედელი, ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამისთვის უნდა იმუშაო, რადგან ალგორითმი პასიური მოხმარებისთვისაა შექმნილი“, — ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის მკვლევარი ეშ მილტონი, რომელიც იკვლევს, როგორ ეძებენ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.
იპოვეთ ექიმი, რომელსაც ენდობით
ინტერნეტში ნანახის განხორციელებამდე, ეს საკითხი გადაამოწმეთ ჯანდაცვის პროფესიონალთან.
„ინფლუენსერებს შეუძლიათ ნებისმიერი რამ თქვან, მაშინ როცა სამედიცინო პროფესიონალები ეთიკურად და იურიდიულად პასუხისმგებელნი არიან თქვენს მკურნალობაზე და შესაძლოა, მათ მიერ მოწოდებულ რჩევებს მათთვის პროფესიული და პირადი შედეგები მოჰყვეს“, — გვირჩევს ნიუ-იორკის სტოუნი ბრუკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმი ფატიმა დაუდ ილმაზი.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.