„სოციალური შემწეობის არსებობა არ არის სწორი სტიმულატორი ადამიანებისთვის“, - ამის შესახებ გადაცემა „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფანჯაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არარეალურია, რომ დღეს ქვეყანაში 800 ათასამდე სოციალური შემწეობის მიმღები გვყავს.

სადღაც 4 მილიონამდე მოსახლის პირობებში თუ  800 ათასი ადამიანი იღებს შემწეობას, ნამდვილად ცუდად გვქონია საქმე, რადგან შემწეობას იღებენ სრულწლოვანი ადამიანები, ხოლო მათი რაოდენობა მთლიან მოსახლეობაში კიდევ უფრო დაბალია. ჩემი აზრით, სოციალური შემწეობის მიმღებთა არსებული რაოდენობა გადაჭარბებულია.  მე არ მჯერა, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი არის ისეთ გაჭირვებაში, რომ იღებდნენ შემწეობას.

ამის პარალელურად, ასეთი შემწეობების არსებობა ზოგადად არ არის სწორი სტიმულატორი ადამიანებისთვის. ალბათ ბევრს სმენია იმ ამბის შესახებ, რომ ადამიანები ხშირად დასაქმებაზე ამბობენ უარს იმ მოტივით, რომ მათ სოციალური შემწეობა არ შეუწყდეთ. რომელიც როგორც ჩანს არც ისე მცირეა.  ჩვენ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ მათი მიზანი არა დღევანდელი დღის გადაგორება, არამედ გამდიდრება უნდა იყოს“, - განაცხადა დავით ფანჯაკიძემ.