რუსეთი სომხეთის ევროინტეგრაციისკენ მზარდ ინტერესს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომდევნო სამიტზე განიხილავს. ამის შესახებ 15 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, ევროკავშირი სომხეთს „თავისი ორბიტისკენ ექაჩება“, რის გამოც ერევანი შესაძლოა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში არსებული სარგებლის დაკარგვის რისკის წინაშე დადგეს.
ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევრაზიულ კავშირსა და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას შორის. მისი თქმით, ეს საკითხი 28-29 მაისს ასტანაში დაგეგმილ სამიტზე დადგება.
სამიტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრება. ლავროვმა ეს გადაწყვეტილება „დასანანად“ შეაფასა და თქვა, რომ შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც მოსკოვსა და ერევანს შორის „ჰაერშია გამოკიდებული“.
ფაშინიანმა მანამდე უარი თქვა პუტინის ინიციატივაზე, სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებასა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობაზე რეფერენდუმი ჩატარებულიყო. მისი თქმით, ასეთი საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დადგება, თუ ამის ობიექტური აუცილებლობა გაჩნდება.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. სომხეთის დასავლეთთან დაახლოების ფონზე, მოსკოვის განცხადებები აჩვენებს, რომ კრემლი ერევანს სულ უფრო ღიად სთხოვს გეოპოლიტიკური არჩევანის დაფიქსირებას.