სომხეთი მოელის, რომ მომავალ წელს ერევანში დაგეგმილ სამიტზე - ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მომდევნო სამიტზე - ჩავლენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რეჯეფ ტაიპ ერდოანი და ილჰამ ალიევი.
ეს განცხადება გუშინ, 31 ოქტომბერს გააკეთა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა.
წინა დღეს კი აზერბაიჯანულმა გამოცემა Caliber-მა, - რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, - დაწერა, რომ მაღალი რანგის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი შეთანხმებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გარეშე ნაადრევი იქნებოდა.
სიმონიანის თქმით, არ მიაჩნია, რომ აღნიშნულ მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრება „საბოლოო პასუხია“.
„ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები დაესწრებიან ამ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მრავალი ქვეყნის მეთაური მიიღებს მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათთვის აქ ყველაფერი მშვიდად იყოს“, - აღნიშნა მან.
სამიტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ევროპის საბჭომ მიერ არის ინიციირებული, წელიწადში ორჯერ იმართება; მომავალ გაზაფხულზე სახელმწიფოს მეთაურები ერევანში შეიკრიბებიან.
ბოლო წლებში, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, ხან ორმხრივ, ხან გაფართოებულ ფორმატებში.
თუმცა ჯერჯერობით სომხეთს არც ილჰამ ალიევი სწვევია და არც რეჯეფ ტაიპ ერდოანი.
ფაშინიანი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 2025 წლის 20 ივნისს ჩავიდა. ის ერდოანმა მიიღო.
აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა აკრძალვა სომხეთისკენ საქონლის ტრანზიტზე, რომელიც მოქმედებდა ოკუპაციის დაწყებიდან, - განაცხადა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე 21 ოქტომბერს.
ამას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთანხმება.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონფლიქტის დასრულებას, დიპლომატიური კავშირების დამყარებასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
სამმხრივი შეთანხმების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა სამხრეთკავკასიურ დერეფანზე, რომელსაც ეწოდება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP).
8 აგვისტოსვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს მისცა მითითება, „180 დღეში გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებული იქნება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარებაზე - „TRIPP გაკვალავს გზას სამხრეთ კავკასიაში უფრო დიდი ეკონომიკური დაკავშირებადებისთვის და იქცევა მშვიდობის ძეგლად მომავალი თაობებისთვის“.