World Justice Project-ის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგით საქართველო 52-ე პოზიციაზეა და მიუხედავად 2 მაჩვენებლიანი კლებისა, ის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (რომელში შემავალ ქვეყნებსაც მედია არ ასახელებს).  თუმცა, "მითების დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველო ასევე ხვდება იმ ქვეყნების ათეულში, რომელსაც 2024-2025 წლებში რეიტინგში ყველაზე დიდი კლება აქვს. ამის შესახებ კი სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში არაფერია ნათქვამი.

"მითების დეტექტორი" წერს, რომ 2015 წელთან შედარებით, ქვეყნისთვის მინიჭებული შეფასება 0.08 ქულით არის გაუარესებული და ვარდნა გრაფიკზეც შესამჩნევია.

World Justice Project მსოფლიოს 143 ქვეყანაში სამართლის უზენაესობას აფასებს. კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ინდექსი სამართლის უზენაესობას აფასებს რვა კომპოზიტური ფაქტორით, რაც 44 ქვე-ფაქტორს მოიცავს. ინდექსის შედგენისას შესაფასებელი რვა კომპოზიტური ფაქტორია: მთავრობის ძალაუფლების შეკავება (Constraints on Government Powers), კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება (Regulatory Enforcement), სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი. გარდა ამისა, ქვეყნები იყოფიან შვიდ გეოგრაფიულ რეგიონად და შემოსავლის ოთხ ჯგუფად. საქართველო ხვდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კატეგორიაში, რომელშიც შემდეგი ქვეყნები ერთიანდებიან: საქართველო,  მონტენეგრო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უზბეკეთი, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბელარუსი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია. ორგანიზაციის მიერ რეგიონს მიკუთვნებულ 15 ქვეყანას შორის საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით ლიდერია და 0.58 ქულა აქვს მინიჭებული.

გეოგრაფიული დაყოფისას სხვადასხვა კვლევაში ქვეყნების განსხვავებულ გადანაწილებას ვხვდებით. ხშირად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში არ ხვდება ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სხვა ისეთი სახელმწიფოები, რომელიც  კვლევების ნაწილში ამ რეგიონის ნაწილად განიხილებიან. გამოქვეყნებულ სტატიებში არ არის განმარტებული, რომელი ქვეყნები შედის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ანგარიში სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებელს 2015 წლიდან აფასებს. საქართველო ბოლო ერთ წელში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა. "მითების დეტექტორი" წერს, რომ ანგარიშში აშკარაა ტენდენცია, რომ ბოლო 10 წელში (2015-2025) საქართველოს შედეგი უარესდება და ქვეყანამ 28-ე პოზიციიდან 52-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. 2015 წელს ქვეყნის ქულა 0.66 იყო, 10 წლის შემდეგ კი 0.58.

2020-2021 წლებში საქართველომ თავისი შედეგი 0.01 ქულით გააუმჯობესა, თუმცა მომდევნო წელს ისევ დაუბრუნდა 2020 წლის შედეგს. განსაკუთრებით შესამჩნევი ვარდნა 2016-დან 2017 წლამდე პერიოდში ფიქსირდება, როდესაც საქართველოს მაჩვენებელი 0.05 ქულით უარესდება. აღსანიშნავია, რომ 10 წელში საქართველოს შედეგის გაუარესება ჩანს იმ ვიზუალურ მასალეზეც, რომელსაც მედიები და ექსპერტები ავრცელებენ. 

2015 წელს World Justice Project-მა სამართლის უზენაესობა 102 ქვეყანაში შეაფასა და მათი რიცხვი მომდევნო წლებში გაიზარდა. 2016–2017/18 წლებში, მაშინ როდესაც საქართველოს შედეგი მკვეთრად გაუარესდა, ორგანიზაციამ 113 ქვეყნა შეისწავლა. რადგან ამ პერიოდში შესასწავლი ქვეყნების რაოდენობა უცვლელი იყო, საქართველოს შედეგის გაუარესების ახსნა კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილებითა და ქვეყნების ჩამონათვალის გაზრდით ვერ აიხსნება.

კომპოზიტური ფაქტორების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (0.49) მთავრობის ძალაუფლების შეკავების (Constraints on Government Powers) მიმართულებით აქვს, ყველაზე მაღალი ქულა (0.78) კი წესრიგისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. ქვეყანა 10 წლის განმავლობაში რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს. 

ირკვევა, რომ World Justice Project-ის სრულ ანგარიშში საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც 2024-2025 წლებში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს (გვ. 25). ქვეყანამ ბოლო წელს სამართლის უზენაესობის მაჩვენებლის  2.4%-იანი შემცირება დააფიქსირა.

როგორც "მითების დეტექტორი" წერს, რამდენიმე ქვეფაქტორში საქართველო როგორც თავისი გეოგრაფიული რეგიონის, ასევე მსგავსი შემოსავლის ქვეყნებსაც ჩამორჩება (გვ. 47). მაგალითად, სამსახურებრივი გადაცდომებისთვის სანქცირების შეფასებით, საკუთრების უფლების დაცვის, არადისკრიმინაციულობით და სისხლის სამართლის სფეროზე მთავრობის გავლენის არარსებობის კუთხით საქართველო ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებს.

როგორ ყალიბდება კანონის უზენაესობის ინდექსი და რა წერია კვლევის მეთოდოლოგიაში? - სრულად ნახეთ აქ: 

  • მითების დეტექტორი: 28 ოქტომბერს პროსახელისუფლებო მედიებმა (1; 2; 3; 4; 5) და საინფორმაციო სააგენტოებმა (1; 2; 3; 4; 5), პირველმა არხმა და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე ირაკლი კობახიძემ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია World Justice Project-ის “კანონის უზენაესობის რეიტინგით” საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ მედიები ინფორმაციას იდენტური დექსტებით ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილს იკავებს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. ასევე, ინდექსით ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე წევრ და კანდიდატ სახელმწიფოსაც. ესენია: ბულგარეთი და უნგრეთი, მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. მედიები კვლევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო წელს საქართველო ორი მაჩვენებლით დაქვეითდა, თუმცა რეგიონის ლიდერის პოზიცია მაინც შეინარჩუნა. 

tvpirveli.ge