სირიის მთავრობამ და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ფრონტის ყველა ხაზზე ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, რომლის პარალელურადაც SDF მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სირიის ტერიტორიას დატოვებს, მისი ძალები კი სირიის მთავრობას შეუერთდება.
შეთანხმებას ხელს აწერენ სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა და SDF-ის მეთაური, მაზლუმ აბდი.
სირიის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მოიაზრებს, რომ SDF-ის მიერ კონტროლირებული პროვინციების, დაირ ელ-ზავრისა და რაკას სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაცია სირიის მთავრობას დაუყოვნებლივ და სრულად გადაეცემა. ამასთან, ელ-ჰასაქის რეგიონის ადმინისტრაცია სირიის სახელმწიფოს შეუერთდება.
გარდა ამისა, ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოები ასევე სირიის მთავრობის მფლობელობაში გადავა.
შეთანხმების ფარგლებში, SDF-ის ძალების წარმომადგენლები შესაბამისი უსაფრთხოების შემოწმებების ჩატარების შემდეგ სირიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შეუერთდებიან, ხოლო SDF-ის მიერ კონტროლირებულ პროვინციებში სამოქალაქო ადმინისტრაციისა და ობიექტების თანამშრომლებს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს.
SDF ასევე იღებს ვალდებულებას, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) დაკავშირებულ მებრძოლებსა და ლიდერებს ქვეყანას დაატოვებინებს.
მანამდე, 18 იანვარს, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ ტაბქასა და სირიის უდიდეს კაშხალზე კონტროლი დაამყარეს. ტერიტორიას აქამდე ქურთი მებრძოლები აკონტროლებდნენ.
ევფრატის კაშხლის დაკავებამდე, რომელიც რაკის პროვინციაში მდებარეობს, სირიის ძალებმა ალეპოს რეგიონში არაერთი ქალაქი და სოფელი დაიკავეს მას შემდეგ, რაც SDF-ის სარდლობამ განაცხადა, რომ ტერიტორიას დატოვებდა.
SDF-სა და სირიის არმიას შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.
შარაამ პირობა დადო, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანას გააერთიანებდა, თუმცა ქურთები თავიანთი ავტონომიის გარანტიებს ითხოვენ.
SDF-ის მეთაურმა მაზლუმ აბდიმ 16 იანვარს განაცხადა, რომ მისი ძალები შაბათს ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებიდან გასვლას დაიწყებდნენ, რაც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც გასული წლის მარტში იქნა მიღწეული.
ქურთების ძალების გასვლა რეგიონში აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა.
თუმცა, 17 იანვარს ბრძოლები რამდენიმე რეგიონში გაგრძელდა. SDF-ს განცხადებით, მისი ძალები ინტენსიურ შეტაკებებში იყვნენ ჩართულნი სამთავრობო ჯარებთან ტაბქას სამხრეთით, თავრას ნავთობსაბადოს რაიონში, "რაც შეთანხმების ფარგლებს სცდებოდა".
შეერთებულმა შტატებმა სირიის ჯარებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.