შვეიცარიაში ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მკვეთრად იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმ ადამიანების წილი, რომლებიც დაავადების სიმპტომების შესაფასებლად AI-ჩატბოტებს მიმართავენ, 20%-დან 42%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შვეიცარიული სამედიცინო დაზღვევის კომპანია CSS-ის დაკვეთით ჩატარებული 2026 წლის ჯანმრთელობის კვლევა მიუთითებს.

კვლევა კვლევითმა ინსტიტუტმა Sotomo-მ ჩაატარა და მასში გერმანულ, ფრანგულ და იტალიურენოვანი შვეიცარიის 2 459 მცხოვრები მონაწილეობდა. გამოკითხვის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტს ადამიანები როგორც ფიზიკური სიმპტომების, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იყენებენ. ამასთან, AI-ჩატბოტების პოპულარობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა.

ყველაზე აქტიურად ხელოვნურ ინტელექტს ახალგაზრდები მიმართავენ: 18-დან 35 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 62%-ს სიმპტომების შესაფასებლად ჩატბოტი გამოუყენებია. 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მხოლოდ 10% იყო.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 28% ფიზიკური სიმპტომების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ უკვე AI-ჩატბოტებს მიიჩნევს — წინა წელს ეს მაჩვენებელი 18% იყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში კი მათი წილი 11%-დან 16%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ექიმები, ინტერნეტი და პირადი გარემოცვა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის უფრო ხშირად დასახელებულ წყაროებად რჩება. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლების ნაწილისთვის დამატებითი ინფორმაციის წყაროა და არა ექიმის შემცვლელი.