საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება უცნაურია, მაშინ როდესაც ის ჯიუტად უარს ამბობს უკრაინასთან ომის დასრულებაზე. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, აშშ-ის მხრიდან რუსული ნავთობისთვის სანქციების შემსუბუქების მიუხედავად, „დიდი შვიდეულის“ პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ ამართლებს.

„დღეს რუსეთს შეიძლება სჯეროდეს, რომ ირანში ომი მას შესვენების საშუალებას მისცემს, თუმცა ის ცდება. ორი დღის წინ გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ნავთობის ფასების ზრდამ არანაირად არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის მიმართ ჩვენი სანქციების პოლიტიკის გადახედვა. ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ომის დაწყებიდან უკრაინის მდგრადობაში მთავარი წვლილი შეაქვთ. გასული წლის დეკემბერში ასევე შევთანხმდით 90 მილიარდი ევროს სესხზე. ეს ვალდებულება შესრულდება. აქვე მტკიცედ და გასაგებად ვამბობ, რომ უთანხმოება თუ წარმოიშობა, თითოეული ერის მოვალეობაა, შეასრულოს გასული წლის დეკემბერში ყველა მხარის მიერ აღებული დაპირებები და პოლიტიკური ვალდებულებები“, – განაცხადა მაკრონმა.

1tv.ge