2026 წლის 13 მარტს გაიმართა ბრიტანულ-ქართული აკადემიის პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე, სადაც ნათია ჯანაშიას მოთხოვნით, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის, წესდების დამტკიცება. ნათია ჯანაშიამ ითხოვა კომპანიის მოქმედი წესდების და შესაბამისად სტატუს-კვოს შენარჩუნება, რაც გამართლებულია მხარეებს შორის არსებული დავების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი წესდება ადგენს პარტნიორის მხრიდან დირექტორის კონტროლის ისეთ მექანიზმს, რომელსაც არ შეიცავს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდება. შესაბამისად, ნათია ჯანაშიას პოზიცია იყო არსებული უფლებების შენარჩუნება. ამის საპირისპიროდ, ე.წ. ინვესტორმა მოითხოვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი სტანდარტული წესდების დამტკიცება და შესაბამისად ნათია ჯანაშიას უფლებების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, ე.წ. ინვესტორს ახალი წესდების დასამტკიცებლად სჭირდებოდა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ¾ (75%). ე.წ. ინვესტორი კი ფლობს წილების მხოლოდ 70%-ს. ნათია ჯანაშიას წინააღმდეგობის მიუხედავად და კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ე.წ. ინვესტორმა ახალ წესდებად „დაამტკიცა“ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შემუშავებული სტანდარტული წესდება.
ის, რომ ნათია ჯანაშიას უფლებები დაირღვა და გადაწყვეტილება ე.წ. მაჟორიტარმა პარტნიორმა მიიღო კანონის დარღვევით, დადასტურდა საჯარო რეესტრის მიერაც, რომელმაც შეაჩერა განცხადების განხილვა იმ საფუძვლით, რომ არ არის წარმოდგენილი წესდების/სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა, კერძოდ, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4, ამასთან, საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები უცვლელად არ არის გადმოტანილი საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. ბუნებრივია, სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოესწრო 2026 წლის პირველ აპრილამდე, სკოლაზე გავრცელდა მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა (საბანკო ანგარიშების მართვის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა და ა.შ.), რამაც სკოლის საოპერაციო საქმიანობის ფაქტობრივი პარალიზება გამოიწვია.
ნათელია, რომ სრული პასუხისმგებლობა სკოლის რეგისტრაციის შეჩერებასა და ლიკვიდაციის საფრთხის შექმნაზე ეკისრება ირაკლი გილაურს და მის გუნდს, რომლებმაც საკუთარი უფლებების გაუმჯობესების, ნათია ჯანაშიას უფლებებისა და სკოლისათვის აუცილებელი სერვისების შეზღუდვის ფასად მიიღეს წესდების დამტკიცების უკანონო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი არ აღმოიფხვრება, სკოლას ემუქრება რეგისტრაციის არათუ შეჩერება, არამედ გაუქმება, რაც სკოლის ლიკვიდაციის საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მყარდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ ე.წ. ინვესტორს შეგნებულად მიჰყავს სკოლა ლიკვიდაციის პროცესისკენ მისი მრავალმილიონიანი აქტივის მისაღებად. ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ ე.წ. ინვესტორმა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დირექტორად დანიშნა გაკოტრების საქმეების სპეციალისტი, რომლის ხელითაც ახორციელებს ზემოაღნიშნულ ყველა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის ე.წ. ინვესტორმა, აკადემიის დამფუძნებლის, ნათია ჯანაშიასთვის “ხელების გადაგრეხვის” მცდელობისა და ნათია ჯანაშიას უფლებების შეზღუდვის შემდეგ, საჯარო რეესტრი ამოიღო მიზანში და მის მიმართ შანტაჟს ცდილობს. მას შემდეგ, რაც ე.წ. ინვესტორმა, “საქართველოს განათლების ჯგუფმა”, სკოლა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დააყენა იმის გამო, რომ უკანონოდ “დაამტკიცა” წესდება და ცდილობდა მის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რისი საშუალებაც საჯარო რეესტრმა არ მისცა, ფაქტობრივად, რეესტრის მიმართ მუქარა და შანტაჟი დაიწყო. საჯარო რეესტრმა იმოქმედა კანონის დაცვით და მაჟორიტარ პარტნიორს არ მისცა იმ წესდების რეგისტრაციის საშუალება, რომლითაც იზღუდება პარტნიორის უფლება და ამაზე არ იყო მოპოვებული კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 75%.
ე.წ. ინვესტორს გულწრფელად და კეთილსინდისიერად რომ სურდეს კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომ ამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ უარი უნდა თქვას მინორიტარი პარტნიორის უფლებების შევიწროვებასა და უგულებელყოფაზე. სრულად მის ხელში იყო პროცესის ისე დაგეგმვა და განხორციელება, რომ სკოლას არ დამუქრებოდა საფრთხე, თუმცა მან პირადი ინტერესები ამჯობინა სკოლის ინტერესებს. გარდა იმისა, რომ ე.წ. ინვესტორმა თავისზე მორგებული წესდების რეგისტრაცია სცადა, 13 მარტის კრებაზე მისმა წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია და შემდეგ ცრუ ბრალდებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით ნათია ჯანაშიას ადვოკატებმა მიმართეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ე.წ. ინვესტორს არ მიეცემა უფლება, უკანონოდ შეზღუდოს სკოლის დამფუძნებლის უფლებები, არად ჩააგდოს სკოლის ინტერესები და ძალის გამოყენებით მიაღწიოს შედეგს, რაც უკანონობის ნათელი მაგალითი იქნება.